საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გავრცელდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, ორი ახალი შემთხვევიდან ერთი იტალიიდან დაბრუნებული ჯგუფის მიერ არის ინფიცირებული, მეორე მათგანი ესპანეთიდან დაბრუნებული პიროვნებაა, რომელსაც იტალიელებთან ჰქონდა ინტენსიური შეხვედრები.
მარინა ენდელაძის თქმით, უკვე 4 პაციენტს აღენიშნება ფილტვების ანთება, თუმცა სუნთქვის უკმარისობა არცერთს არ გამოვლენია.
რაც შეეხება პირველ, ირანიდან დაბრუნებულ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი 26 თებერვალს დაუდასტურდა, ხვალ ავადობის მეორე კვირა უსრულდება. მას არავითარი სიმპტომი არ აქვს. ამიტომ ხვალვე მოხდება მისი ლაბორატორიული ტესტირება.
"თუ პასუხი უარყოფითი იქნება, 24-საათში ტესტს გავიმეორებთ. თუ ორჯერ უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა, პაციენტი გაეწერება" - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.