ტელეკომპანია "მთავარის" დილის გადაცემამ - „შენი დილა“ ეთერი დაუთმო გოგონას, ეკა ტყემალაძეს, რომლმაც საკუთარი ისტორია გაანდო მაყურებელს.
ეკა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. დაახლოებით 5 წლის იქნებოდა, დედის თვალწინ, სრულიად უცნობმა ადამიანებმა, საკუთარი ეზოდან გაიტაცეს და ბავშვთა სახლში წაიყვანეს, იქიდან კი საქართველოში გააშვილეს. მართალია, დედობილი არ უმალავდა ბავშვს, რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ იყო, მაგრამ ამ საკითხზე საუბრისგან თავშეკავებას ცდილობდა.
25 წლის ასაკში ეკამ მოისურვა ბიოლოგიური მშობლების მოძებნა, დედობილიც ჩააყენა საქმის კურსში და მისგან მხარდაჭერაც მიიღო. დედობილმა მისცა საბუთი, რომელიც ადასტურებდა, რომ ეკა ნაშვილები იყო, გადასცა დაბადების მოწმობა, სადაც ბავშვობის გვარ-სახელი - ლუდმილა ვაინშტეინი იყო მითითებული. იცოდა მხოლოდ საკუთარი გვარ-სახელი და ის ქუჩა, სადაც ბავშვთა სახლი მდებარეობდა - მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე, 100 დოლარით გაემგზავრა საქართველოდან და ძებნა დაიწყო...
თეკლა ჟვანია