COVID-19 - განსაკუთრებით მოუფრთხილდით ბებია-ბაბუებს!
რა შეიძლება დავუპირისპიროთ მტერს, რომელიც თვალით არ ჩანს?
რა თქმა უნდა, სიფრთხილე, ჰიგიენის ყველა წესის დაცვა და ის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რაც პლანეტის ყველა მკვიდრს ეკისრება ამ მომენტში.
სიფრთხილე ყველასთვის აუცილებელია, თუმცა არსებობს რისკ-ჯგუფები, რომელთაც განსაკუთრებული მოფთხილება სჭირდებათ.
ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში ახლდება, იცვლება, ივსება.
ამ მხრივ დაკვირვების ყველაზე დიდი გამოცდილება ჩინელ მკვლევარებს აქვთ.
გუშინ, 9 მარტს „ლანცეტში“, ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა Fei Zhou-ს და თანავტორთა სტატია, რომელიც ეხება სიკვდილობის რისკ-ფაქტორებს კორონავირუსული ინფექციების დროს. კვლევა ჩატარებულია ვუჰანში, ეპიდემიის ეპიცენტრში.
დაკვირვება მიმდინარეობდა 191 ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე, რომელთაგან 137 გამოჯანმრთელებული გაეწერა კლინიკიდან, ხოლო 54 საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ პაციენტების 48%-ს ჰქონდა თანმხლები დაავადებები (დიაბეტი 19%-ში, ჰიპერტრონია 30% გულის იშემიური დაავადება 8%).
გამოჯანმრთელებულების საშუალო ასაკი იყო 52 წელი. გარდაცვლილებისა კი საშუალოდ - 69 წელი.
პირველი სიმპტომების გამოვლენიდან პაციენტების გამოჯანმრთელება ხდებოდა საშუალოდ 22 დღეში.
ინფიცირებულებში ცხელება საშუალოდ 12 დღეს გრძელდებოდა, ქოშინი - 13 დღეს, ხოლო ხველა - 19 დღეს. პაციენტთა დიდ ნაწილს გაწერის მომენტშიც ახველებდა, თუმცა გადამდები აღარ იყვნენ.
ხანდაზმული ასაკი, დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, კლინიკაში შემოსვლისას სეფსისი, ფილტვის ხანგრძლივი ხელოვნური ვენტილაცია, სისხლის შედედების პრობლემები არის ის მთავარი მიზეზები, რაც იწვევდა სიკვდილს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.
კვლევის ავტორებს ასაკობრივი ეფექტის ასახსნელად იმუნიტეტის დაქვეითება და ანთებითი პროცესის მაღალი აქტივობა მოჰყავთ.
ასე რომ, განსაკუთრებით მოუფრთხილდით ბებია-ბაბუებს, მეგობრებო!
მოამარაგეთ საპნით, ანტისეპტიკური ხსნარებით, აუხსენით, რა მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის დაცვას და კონტაქტების შეზღუდვას.
ნუ ჩაეხუტებით ამ საყვარელ ადამიანებს საფრთხის გადავლამდე, შორიდან მოეფერეთ და უთხარით, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე