ახალი კორონა ვირუსის გამოჩენის შემდეგ, არაერთხელ აღინიშნა, რომ ის ნაკლებად აგრესიულია ახალგაზრდებისა, ბავშვებისა და ორსულებისთვის. თუმცა ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დაავადების დროს, ამ შემთხვევაშიც ორსულებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სჭირდებათ.
ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია კონტროლის ზომები გაამკაცროს. საქართველოში რამდენიმე საავადმყოფოში გამოცხადებულია კარანტინი და შენობაში პაციენტების გარდა არავის უშვებენ. უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრებულია სამშობიაროებშიც. "გაგუას კლინიკაში" განმარტავენ, რომ მათთან თითოეული ვიზიტორის ინდივიდუალური მონიტორინგი მიმდინარეობს.
"გაგუას კლინიკაში ინფექციის პრევენციისა და პაციენტების უსაფრთხოებისთვის კონტროლის ახალი მექანიზმი შევიმუშავეთ. COVID-19-ის გავრცელების საფრთხის ზრდასთან ერთად ყველა ვიზიტორის ინდივიდუალური მონიტორინგი დავიწყეთ. აღნიშნული გულისხმობს ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და შესაბამის რეაგირებას. ამავდროულად, კლინიკაში ინფექციის პრევენციისა და პაციენტების უსაფრთხოებისთვის ყოველდღიურად ხდება ზედაპირების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით" - აცხადებენ კლინიკაში.