ბავშვის განვითარება წიგნის გარეშე წარმოუდგენელია. ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ პატარებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ჰქონდეთ წიგნებთან შეხება. მით უმეტეს, როცა მთელ მსოფლიოში გაჯეტებთან ბავშვების ურთიერთობა სერიოზული პრობლემა გახდა.
წიგნი კი საუკეთესო შემეცნებითი ინსტრუმენტია, რომელიც სრულიად უსაფრთხოდ აზიარებს ჩვენს შვილებს უამრავ სასარგებლო ინფორმაციას. რაც მთავარია, ერთგვარი პრევენციაა მოგვიანებით ეკრანდამოკიდებულების გაჩენისა. განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება წიგნები, რომლებსაც შემეცნების გარდა ბავშვის გახალისება და თამაშით განვითარების ფუნქცია აქვს.
დღეს კი, როცა ბავშვებს გახანგრძლივებული არდადეგები აქვთ, მით უფრო სჭირდებათ ბევრი, საინტერესო წიგნი, რათა ეს რთული დღეები ადვილად დაძლიონ.
ვფიქრობთ, მშობლებისთვის საინტერესო იქნება იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებმაც ძალიან ბევრი პატარა მკითხველის გული მოიგო და მშობლების მოწონებაც დაიმსახურა.
პირველი სიტყვები (10 პატარა წიგნი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 0 წლიდან) ჩემი პირველი სიტყვები (10 პატარა წიგნი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 3 წლიდან)
ეს გამოცემები აერთიანებს 10 პატარა წიგნს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. ამ წიგნების მეშვეობით, პატარები ხალისით ისწავლიან ფერების გარჩევას, შინაური ცხოველების ცნობას, ციფრებს, ფიგურებს და სხვა.
ლოტო - ანბანი
ანბანის ლოტო საუკეთესოა ქართული ანბანის სწრაფად, ხალისითა და თამაშ-თამაშით შესასწავლად!
ნოდარ დუმბაძე - ლექსები
ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები გამოქვეყნებისთანავე შეიყვარეს პატარებმა, ეს დიდი ხნის წინ, 1950 წელს მოხდა. მას შემდეგ მრავალი კრებული დაიბეჭდა, თაობები აღიზარდა სიყვარულით სავსე სტრიქონებზე. ახლა თქვენი ჯერია. გადაფურცლეთ წიგნი, იკითხეთ ნოდარ დუმბაძის ლექსები და ნახავთ, როგორ შეგაყვარებენ თავს.
კოსმოსი - მანათობელი პაზლი (100 ნაწილი)
ამ პაზლის აწყობა ნამდვილი თავგადასავალი იქნება. პაზლის ნაწილები როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ სინათლეზე თავისით იტენება. პაზლის დიდი და სქელი ნაწილები პატარებს მის აწყობას გაუადვილებს. ასე რომ, ყველას შეუძლია ისიამოვნოს ამ შესანიშნავი თავსატეხით.
იგავ-არაკები - სულხან-საბა ორბელიანი
ეს ფერადი წიგნი სამასი წლის წინ შექმნილი ქარაგმული ამბების ჯადოსნური სკივრია. მასში თავმოყრილი იგავები, მწერლის თხრობის სტილის შეუცვლელად, ძალზე გულდასმით დამუშავდა. აქ შეხვდებით დასამახსოვრებელ პერსონაჟებს: მართალ მებაღეს, ვირისგან დაშინებულ ვეფხვს, ხარბ გლახაკს, გამოუსწორებელ ავსიტყვას, სიკვდილთან მებრძოლ მეფეს, ქურდ მკერავს, უსამართლო შირვან-შაჰს, ჭკვიან კუს, სოფლის მკვეხარა მშენებელს... ეს წიგნი გვაჩვენებს, როგორ ამარცხებს ბოროტს კეთილი.
ანბანი - თამრი ფხაკაძე
ერთხელ ანბანის თეატრის ბრაზიან დირექტორს ანბანის პაწია თოჯინები გაუნაწყენდნენ. გაეპარნენ და ყველა სათითაოდ დაიმალა. ეს რომ ბავშვებმა შეიტყვეს, ამ გაქცეულებს ზედ მიაყოლეს ბრაზიანი დირექტორიც; ხოლო მათ შორის ყველაზე ყოჩაღებმა გადაწყვიტეს, რომ დამალულები მოეძებნათ. ნამდვილი თავგადასავალი კი ერთ დიდ მინდორში დაიწყო...
ამბები გოგონებზე და ამბები ბიჭებზე
ამ წიგნების მეშვეობით თქვენ გაიცნობთ მსოფლიოში ცნობილი მწერლების საყოველთაოდ აღიარებულ ნაწარმოებებს, შეხვდებით მრავალი თაობის საყვარელ გმირებს, მომაჯადოებელი ილუსტრაციებით კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.