დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრა ნიუსის" ეთერში წამყვანის რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, რომელიც მისი ოჯახის წევრების იზოლაციას და მისი ვაჟის ჯანმრთელობას შეეხებოდა.
"იზოლაციაში არიან ჩემი რძალი და სამი შვილიშვილი. ფანჯარასთან მივდივარ, როცა დრო მაქვს და იქიდან ველაპარაკები მათ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გადაცემის წამყვანის, ემა ტუხიაშვილის თქმით, ბატონ ამირანს ჰოლდინგის ყველა ჟურნალისტი გულშემატკივრობს და მათაც ემოციურად განიცადეს მისი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"მართალია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ხართ, მაგრამ როცა საქმე შვილის ჯანმრთელობას შეეხო, დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელი თქვენს ტყავში ჩაძვრა. ჩვენც ძალიან განვიცადეთ და ძალიან კარგად მახსოვს ჟურნალისტების ემოციაც. ვამბობდით, ნეტავ როგორ არის, რას ფიქრობს... მართლაც, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ეპიდსიტუაციაზე ესაუბრებოდით, წარმოიდგენდით, რომ ერთ-ერთი პირველი ინფიცირებული თქვენი შვილი იქნებოდა?" - ასეთი იყო წამყვანის მიმართვა.
"მე დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი და ძალიან ბევრ და მრავალფეროვან შემთხვევას შევხედრივარ. რა თქმა უნდა, ემოციური სტრესი არის ჩემთვის... მაგრამ პასუხისმგებლობა, რაც ამ პოსტზე მაკისრია, ჩემს შვილსაც კარგად აქვს გააზრებული... არ მიყვარს ოჯახზე საუბარი".