თუ როგორ დავაინტერესოთ ბავშვები წიგნებით, განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში, ბევრი მშობლისთვის სერიოზული გამოწვევაა. ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს ამ ამოცანის გადაჭრას - ურჩევენ წიგნებს თავიანთი ბიბლიოთეკიდან, უკითხავენ თავად, აყურებინებენ წიგნების ეკრანიზაციებს, რომ წიგნის მიმართ გაუჩინონ ინტერესი, ყიდულობენ ყველა საბავშვო წიგნს, რაც ახალი და საინტერესოა მათი აზრით... თუმცა ხშირად ყველა ძალისხმევა ამაოა და ბავშვების დიდი ნაწილი ინერტულია წიგნების მიმართ, მით უმეტეს, რომ აქვთ საუკეთესო "ალტერნატივა" გაჯეტების სახით, რომელიც გაცილებით მარტივად ახერხებს მათ დაინტერესებასაც და დამოკიდებულსაც ხდის.
ცოტა ხნის წინ ამ თემაზე ერთ-ერთმა მკითხველმა, შეწუხებულმა მშობელმაც მოგვწერა წერილი:
"გამარჯობა. საკმაოდ დიდი თავსატეხი მაქვს და იქნებ დამეხმაროთ. მირჩიეთ, რა ლიტერატურა წავაკითხო ჩემს შვილებს - ერთი 10-ის არის და მეორე - 13-ის. ერთს აქვს ინტერესი, მაგრამ ვერ შევარჩიეთ წიგნი, რომელიც მოეწონებოდა. მასწავლებლის მიერ შერჩეული ლიტერატურაც არა მხოლოდ მისი, ჩემი აზრითაც არაადეკვატურია 10 წლის ბავშვისთვის - "ბიძია თომას ქოხი", "აივენჰო", "თეთრი ეშვი"... თანაც ის ენა, რომელზეც ძველი წიგნებია დაწერილი, მგონია, რომ აღარაა ახლანდელი ბავშვებისთვი ადეკვატური და ის ამბებიც არაა აქტუალური, ამიტომ ინტერესიც არ უჩნდებათ... რით დავაწყებინო, რომ ჩაითრიოს, საინტერესო იყოს და მერე უკვე წიგნის მოყვარულები გახდნენ?"
ფსიქოლოგები და გამოცდილი პედაგოგები სხვადასხვა გამოცდილ მეთოდს გვთავაზობენ. აი, რამდენიმე მათგანი:
პირველ რიგში, კითხვის სიყვარული იქამდე უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს, სანამ თავად დაიწყებს წერა-კითხვას - ანუ პატარას ადრეული ბავშვობიდან უნდა ვუკითხოთ წიგნები და შევაყვაროთ წიგნების სამყარო. შევურჩიოთ ლიტერატურა ასაკის მიხედვით - ახალი წიგნების დიდ ნაწილს აწერია, თუ რომელ ასაკზეა გათვლილი. ვეცადოთ, ბავშვთან ერთად ავარჩიოთ წიგნი, მისი ინტერესების გათვალისწინებით - ვიღაცას მხატვრული ლიტერატურა უყვარს, ვიღაცას - სამეცნიერო და ა.შ. გავითვალისწინოთ მისი გემოვნება და ინტერესები. შეიძლება, ცოტა დიდსაც - 10-11 წლისას, ჩვენ წავუკითხოთ წიგნის დასაწყისი, დავაინტერესოთ და მერე თავად გააგრძელოს. თავადაც უნდა გვქონდეს წიგნის კითხვის ჩვევა - როცა ბავშვი ხედავს, რომ მშობლებიც კითხულობენ, ოჯახში უყვართ წიგნები, თავადაც უჩნდება ხოლმე წაკითხის სურვილი. თუ თქვენ არ გიჯერებთ ამ საკითხში, ჩარიეთ მასწავლებელი, რომელიც მისთვის ავტორიტეტია და სთხოვეთ, მან დაავალოს კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვა. შეაყვარეთ პირველ რიგში მისი მშობლიური ლიტერატურა და მერე უკვე - უცხოენოვანი ავტორები. ეცადეთ დააჯეროთ, რომ რაც მეტ წიგნს წაიკითხავს, უფრო ჭკვიანიც იქნება, მეტად მრავალფეროვანი ლექსიკაც ექნება და გემოვნებაც დაეხვეწება. დღეს ნამდვილად არ არის ძნელი, შეარჩიოთ საინტერესო, ასაკის შესაფერისი და ხარისხიანი ლიტერატურა, მაგალითად, 10-15 წლის მოზარდებისთვის. ჩვენ ამჯერად წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს" ვთხოვეთ დახმარება და ამ ასაკის მოზარდებში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ტოპ-5 წიგნის დასახელება ვთხოვეთ: