ზოია კუკუშკინა ჯერ კიდევ ბავშვია. მაგრამ, ცდილობს, მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს ოჯახები აპოვნინოს და არ იგრძნოს ყველამ ის, რასაც თავად გრძნობდა.
ის, ფაქტობრივად, დაბადებისთანავე დედის გარეშე დარჩა. პატარა სუსტი იყო, ხშირად ავადმყოფობდა და ბებიას შეეშინდა, რომ მარტო ვერ მოუვლიდა. გადაწყვიტა, რომ სპეციალურ ბავშვთა სახლში წაეყვანა. არც ჰქონდა იმედი, რომ მას იქ დაიტოვებდნენ, თუმცა დაიტოვეს. შემდეგ კი მის გაშვილებაზეც დაიწყეს ზრუნვა.
ერთ-ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ფონდის "შეცვალე ერთი ადამიანის ცხოვრება" ფარგლებში გადაწყვიტა, გოგონას ახალი ოჯახის პოვნაში დახმარებოდა და ვიდეოანკეტა გაუკეთეს.
ტატიანა კუკუშკინა რომ არა, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა პატარა გოგონას ბედი. ტატიანამ ზოია ვიდეოპროფილით ნახა და მიხვდა, რომ მისი სულის განუყოფელი ნაწილი გახდებოდა. ამის შემდეგ ზოიას ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
"მე და ჩემს მეუღლეს, ისევე როგორც ყველა დაქორწინებულ წყვილს, ძალიან გვინდოდა შვილები. ზოია მაშინ გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, როცა უკვე ორი შვილი გვყავდა, გოგონა და ვაჟი. დაორსულება არ შემეძლო, თუმცა მზად ვიყავით, რომ კიდევ ერთი ბავშვის მშობლები გავმხდარიყავით."- ამბობს ტატიანა.
ტატიანა და მისი მეუღლე სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ ჯგუფებში დარეგისტრირდნენ, სადაც პოტენციური მშობლები ბავშვებს ეცნობოდნენ. ერთ-ერთ ჯგუფში ზოიას ანკეტა გამოჩნდა.
"წარმოუდგენლად მომხიბლა ბავშვმა, რომელიც ეკრანიდან გვიღიმოდა. არაფერი მესმოდა, უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ჩემი ქალიშვილი იყო. დავრეკე მითითებულ ნომერზე და ყველაფერი შეიცვალა. უკვე ოთხი წელია ძალიან ბედნიერები ვართ ერთად", - იხსენებს ზოიას დედა.
თითქმის ყველა საბუთი მზად იყო, როცა მომავალმა მშობლებმა გაიგეს, რომ ბავშვს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა. თავიდან ძალიან შეშინდნენ, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვიტეს, რომ გოგონა სახლში წაეყვანათ.
ბავშვი ახალ ოჯახს შეუჩვეველი იყო, მაგრამ ისეთი საყვარელი აღმოჩნდა, ყველას მალევე შეაყვარა თავი.
"კომუნიკაბელურობისა და იმ ქარიზმის წყალობით, რომელიც აქვს, კარგად ახერხებს ადამიანებთან ურთიერთობას და არც სკოლაში შექმნია რაიმე პრობლემა."- განაგრძობს ტატიანა.
შემდეგ უკვე დაიწყო სასწაული. გოგონას უჩვეულო გარეგნობა სამოდელო სააგენტომ შეამჩნია. ის საოცრად ფოტოგენური აღმოჩნდა და 8 წლის ასაკში Disney-ს ბრენდის საბავშვო კოლექციაში გადაიღეს. შემდეგ "რანდევუს" ფეხსაცმლით მოსკოვის მოდის კვირეულზე წარსდგა. თუმცა, მისი ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ ზოია ევროპული ბრენდის "Junona Fashion House"-ის სახე გახდა. უკვე ერთი სეზონია, ბრენდის რეკლამის გადაღებებისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.
ზოგჯერ წარმატება ცვლის ხოლმე ადამიანებს. საბედნიეროდ, ზოიას შემთხვევაში ასე არ მოხდა. არ დავიწყნია, რომ ძალიან გაუმართლა ოჯახში, სხვა ბავშვები კი კვლავ ბავშვთა სახლში, მშობლების გარეშე განაგრძობენ ცხოვრებას. ამიტომ, ზოიამ გადაწყვიტა, რომ მათ ოჯახების პოვნაში დაეხმაროს.
"გაგვიჩნდა იდეა, რომ საქველმოქმედო ღონისძიება ჩაგვეტარებინა. სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი და მივხვდით, რომ სწორად ვიქცეოდით" - ამბობს ტატიანა კუკუშკინა.
ღონისძიების ფარგლებში ზოია და ტატიანამ ტანსაცმელი ბრენდისთვის "Zoyakukushkina" სპეციალური ესკიზები შექმნეს. გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ბავშვთა სახლში მყოფი ბავშვების ვიდეოპროფილების შექმნას მოხმარდებოდა. პრემიერა მოსკოვში უკვე შედგა.
"ზოია ძალიან ამაყობს თავისი პირველი კოლექციით, ის უდიდესი სიყვარულით და სიფრთხილით არჩევდა თითოეულ ფერს და დეტალს. ძალიან მაგარი გამოვიდა", - ამბობს ტატიანა.
დიახ, პატარა ზოიამ აქტიური მონაწილეობა მიიღი ტანსაცმლის შექმნაში. მას ძალიან უყვარს ხატვა და უკვე მოდელის კარიერაც ეხმარება სამუშაოს პროფესიონალურად შესრულებაში.
"ყველაფერი ზოიას მიერ დახატული ესკიზების მიხედვით შევქმენით. მის ნახატებში გოგონები პეპლებით, ტკბილეულითა და ბუშტებით, ძალიან ბედნიერები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ნახატები ზოიას შინაგან სამყაროს ძალიან კარგად გამოხატავს. მე და ჩემი მეუღლე კი ვხვდებით, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ", - ამბობს ტატიანა.
ზოია კუკუშკინა ფონდის "შეცვალე ერთი ადამიანის ცხოვრება" ყველაზე პატარა ელჩი გახდა. მისი წყალობით უკვე 138 ვიდეო ჩაწერეს, მათგან ოცდათერთმეტმა ბავშვმა უკვე იპოვა ახალი ოჯახი.