გუდაურში მდებარე რესტორნის "მთვრალი ალუბლის" ადმინისტრაციის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც მათ კორონავირუსით ინფიცირებული ჩეხი ტურისტები სტუმრობდნენ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
"ძვირფასო სტუმრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველდღე დადიოდნენ რესტორან "მთვრალ ალუბალში". ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, რესტორანი დაკეტილია, 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას... ვინც ამ დღეებში იყავით "მთვრალ ალუბალში", გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემო მყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას... იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება... გისურვებთ ჯანმრთელობას."
აღნიშნულ ფაქტს დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ პაციენტებს შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.
ფაქტს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე გამოეხმაურა:
"ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან.
საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის" - წერს ანა კასრაძე.