დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, ორსულობისას ნაყოფი ვირუსისგან დაცულია.
"სამშობიაროდ შემოსულ ყველა ორსულს დანიაში ტესტირება უკეთდება. ჭიპლარის სისხლის გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ ვირუსი ამ ბარიერს ვერ გადის, რაც კარგია, მაგრამ თუ დედა დაინფიცირებულია, მან მშობიარობის შემდეგ შეიძლება ახალშობილს გადადოს ინფექცია, ამიტომ ყველა შემოსულ მშობიარეს ტესტირებას ვუკეთებთ" - წერს ზაზა უჯმაჯურიძე.
დანიაში ამ დროისთვის 1 226 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული.
როგორ ხდება საქართველოში და სამშობიაროებში ხომ არ ამოქმედდა უკვე დამატებითი რეკომენდაციები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით:
"სამშობიაროებზე დამატებითი რეგულაცია არ ვრცელდება, იგივეა, რაც, ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებებზე, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ვებგვერდზეცაა გამოქვეყნებული. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯერ არ არის განსაზღვრული რისკ ჯგუფები. თუ ორსულს სიმპტომები აქვს და საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია ან დაინფიცირებულებთან შემხებლობა, რა თქმა უნდა, ანალიზს ვუკეთებთ"- აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.