"ყველამ გამოიყენეთ ეს დრო... ბავშვებს ეყოფათ, რაც ვეჩიჩინეთ" - შალვა ამონაშვილის სახლში გამოკეტილ ოჯახებს
ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებს ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს:

მოდით, ერთად ჩავაბაროთ სიყვარულის და მოთმინების გამოცდა!



- ისევე, როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ბინაში ვარ ჩაკეტილი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს შინაპატიმრობა მომისაჯეს, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რაში გამოვიყენო ეს დრო. ხომ არ შეიძლება, ეს ყველაფერი უაზრო იყოს ჩემს ცხოვრებაში. დრო გვეძლევა ხოლმე, რომ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, ცხოვრების აზრი შევიმუშაოთ, შევცვალოთ ცხოვრების ნირი, მაგრამ ხშირად ამით ვერ ვსარგებლობთ. ახლა კი ეს დრო ნამდვილად დაგვიდგა. იცით რაზე ვფიქრობ? მეუღლე
რომ მყოლოდა ცოცხალი, რაზე ველაპარაკებოდი მას, რას ვეტყოდი? სახლში გამოკეტილები ვართ, სამუშაოზე ვერ მივდივართ, შვილები სკოლაში ვერ გარბიან... აი, რას ვიზამდი - ალბათ ცხრაჯერ მაინც ავუხსნიდი თავიდან სიყვარულს, მოვეფერებოდი. რაც აქამდე არ მოვეფერე, ახლა შევასრულებდი. გავხდებოდი გულახდილი ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ასევე გულახდილს გავხდიდი მათაც ჩემს მიმართ. კორონავირუსი ბოლო-ბოლო წარსულს ჩაბარდება, ორი თვე და მოგვცილდება, მაგრამ, მაგრამ ჩვენ ხომ მომავალს უნდა ჩავბარდეთ. როგორი ჩავბარდებით მომავალს? - აი, ეს გამოცდა გვაქვს სახლში. მეც გამოცდის წინაშე ვარ. გამოცდის წინაშე ვარ ჩემი შვილების, შვილიშვილების, წარსულისა და აწმყოს წინაშე იმიტომ, რომ ვფიქრობ, როგორ უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრების ნირი, როცა ეს ყველაფერი უკან დარჩება. რას გამოვრჩებით წუწუნსა და შფოთვას, იქნებ
უფრო სხვა რამეზე ვიფიქროთ. ვიფიქროთ იმაზე, როგორი ცხოვრების წესი ავაგოთ ოჯახებში, რომ როცა ეს ყველაფერი დამთავრდება სხვანაირი, ახალი ადამიანები გავხდეთ.

სახლში მეუღლეები არიან. ხომ არ დადგა დრო, რომ ერთმანეთს აუჩქარებლად გული გადავუშალოთ. ადრე სამუშაოზე გავრბოდით, სახლში ან ერთი რჩებოდა ან მეორე, ან არც ერთი ვიყავით და დრო სულ სხვა საქმეებს მიჰქონდა. ახლა კი შეგვიძლია შინ კიდეც ვიმუშაოთ და კიდევაც ვიურთიერთოთ. მე ამ ცხოვრების წესმა ძალიან შემიწყო ხელი იმიტომ, რომ ჩემს შვილიშვილებს უფრო მეტად დავუახლოვდი, ჩემს ქალიშვილს უფრო მეტად ვესაუბრები, უფრო მეტს ვიგებთ ერთმანეთისაგან. თითქოს ალერსში, მოთმინებასა და დათმობაში ვაბარებთ გამოცდას. სიხარულში, სიმშვიდეში, იმედსა და რწმენაში უნდა ჩავაბაროთ გამოცდა. ამიტომ, ეს დრო ამაში უნდა გამოვიყენოთ.

ბიბლიაში ასეთი გამონათქვამია - დრო ქვების შეკრებისა და დრო გაფანტვისაო. რა დრო დაგვიდგა ახლა? მგონია, შეკრების დრო დაგვიდგა. უნდა შევაგროვოთ ქვები. ეს არის განძი, რომლითაც ჩვენს სულში უფრო მეტად უნდა ამოიზარდოს მოთმინება და სიყვარული. ჩვენ კეთილშობილებისა და დიდულოვნების წინაშე ვართ. გვეკითხებით, როგორ მოვექცეთ ბავშვებს და რით დავაკავოთ ისინი?
ჩემო ძვირფასებო, ბავშვებს დაკავება არ უნდათ. ჩვენ უნდა დავკავდეთ ბავშვებით. ხომ არ შეიძლება, მათ ყოველთვის თავისი საქმე მივცეთ და ვუთხრათ, წადით და გააკეთეთო. იქნებ ჯობს, თავად დავკავდეთ ბავშვებით. მეტი ვიკითხოთ, მეტი ვესაუბროთ. ბავშვებს უყვართ, როცა ჩვენს ცხოვრებაზე, ბავშვობასა და წარსულზე ველაპარაკებით. ავუხსნათ ცხოვრების ანი და ბანი. ბევრმა ეს არ იცის. იციან ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, მაგრამ ცხოვრების ანი და ბანი განზე რჩება. ამას სკოლაში არ ასწავლიან და ჩვენც ვერ ვიცლით ამ საქმეებისთვის. განა არაა დრო, რომ ახლა ვესაუბროთ? ვნახოთ მათთან ერთად ფილმები, წავიკითხოთ წიგნები, ვითამაშოთ და ვიცელქოთ ბავშვებთან ერთად. იყოს სახლში აურზაური და ჩვენც ვიყოთ ჩართულნი. ეს თუ იქნება, მეტი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდება ჩვენს შორის. არ ვუჩიჩინოთ "დაჯექი და ისწავლე, სწავლა დაიწყება და მოუმზადებელი წახვალ". ეყოფათ, რაც ვეჩიჩინეთ და რასაც სკოლაში ჩასჩიჩინებენ. ახლა ბავშვები შინ სხედან და კომპიუტერის მეშვეობით უსმენენ თავიანთ მასწავლებელს. ჩვენც მივუსხდეთ გვერდით და ვუყუროთ მასწავლებლებს, როგორ უხსნიან, რას არიგებენ და რას ასწავლიან. ამით მასწავლებელსაც უფრო მეტად გავიცნობთ.
mshoblebi
კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალიც მალე გამოვა. სიმართლე რომ გითხრათ, მგონია, ეს წამალი თითქოს არსებობდა მანამდეც, ახლა უნდა აღმოაჩინონ, რომ მერე ამით ვიღაცამ დიდი მოგება ნახოს. წამალი გაჩნდება, მაგრამ ყველაზე დიდი წამალი და იმუნიტეტი ჩვენი სულის სიმდიდრეა. მთელი პლანეტა სულის სიღატაკის გამოცდას გადის. გვაკლია სულიერება, რწმენა, იმედი, სიყვარული და დათმობა. გვიყვარდეს ერთმანეთის გახარება. ბევრი რამაა სულის სიმდიდრეში ჩართული და სწორედ ესაა ჩვენი იმუნიტეტი. მგონია, ყველა ჩვენგანმა ვიცით, რა გვაკლია. რომ ჩაიხედოთ საკუთარ თავში, მიხვდებით, რა ცოტა გაქვთ მოთმინება, დათმობის უნარი, რამდენად გვაკლია თანაგრძნობა და სიმშვიდე. მეც თუ მოვიცილებ საკუთარ ნაკლს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება და სწორედ ახლა ვფიქრობ ამაზე. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი შინაპატიმრობა კარგი გამოცდაა.

ვუყურებ, საქართველოს მთავრობა ძალიან კარგ ზომებს იღებს, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა. საზღვრები სწორად ჩაკეტეს, არ უნდა შემოდიოდეს ყველა ჩვენს ქვეყანაში და არც ყველა უნდა გადიოდეს. ჩვენი თავიც უნდა დავიცვათ და სხვაც. ჩვენც გვირჩევენ, რომ სახლში ვიყოთ. მივიღოთ ის ზომები, რაც აუცილებელია. უნდა დავუჯეროთ ჩვენს მთავრობას კეთილ საქმეებში. ისიც მახარებს, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვს სხვა ქვეყნებთან, საიდანაც დახმარებასა და რჩევა-დარიგებებს იღებენ. მიუჩვეველი ვართ ამ მდგომარეობას, ხანდახან კი შეიძლება გავიპაროთ სახლიდან და მთებისკენ, ბუნებაში გავეშუროთ. ბუნება არც კორონავირუსს გადაგვდებს და არც სხვა სენს. სუფთა ჰაერი გამოგვაჯანმრთელებს. ამ აზრებით ვცხოვრობ ახლა მე და თქვენც იმავეს გისურვებთ. დღეს 20 მარტია, ბედნიერების საერთაშორისო დღე. ბედნიერება რომ გისურვოთ, ეს მარტო სურვილად დარჩება. გამოჭედეთ საკუთარი ბედნიერება, ის თქვენს ხელთაა, თქვენს ხასიათსა და ურთიერთობებშია ჩადებული. მთელი გულწრფელობით გისურვებთ, რომ კეთილ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ.

13934
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები