კითხვაზე, შეეხება თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც და დაუწესდება თუ არა ეკლესიასაც იგივე რეგულაციები, პრემიერმა განმარტა: „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის - 2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და, რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ტრანსპორტშიც იქნება სპეციალური პირობები იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხო ტრანსპორტირება განხორციელდეს.
პრემიერის განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა.
„რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. ჩვენ ვზღუდავთ მოქალაქეების მობილობას და მოვუწოდებთ მათ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამკაცრებით დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბოთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ თან ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა“, - განაცხადა გახარიამ.
რისი უფლება აქვს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დროს
"საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა. დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტულ საქმიანობის განხორციელება. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად", - განაცხადა გახარიამ.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალებზე დაყრდნობით