საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა დასრულდა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს. სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა საზოგადოებას:
"რთული შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში, ქალბატონის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. ასეთი შემთხვევისთვის ვემზადებოდით, რომ დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90-მდე პირი, რაც არაფერს არ ნიშნავს. მომზადების მიუხედავად სიტუაცია რთულია და მოგვიწია მარნეულის და ბოლნისის რაიონების გადაყვანა საკარანტინო რეჟიმზე".
მისი თქმით, დღეიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.