სკოლები დაიკეტა, სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ექსპერტები სახლში დარჩენას გვირჩევენ. ბავშვი, რომელსაც ეზოში თამაშიც უნდა და მეგობრებთან ერთად გართობაც, რთულია სახლში დააკავო. ალბათ, არც ის გინდათ, რომ მთელი დღეები კომპიუტერთან გაატაროს, ამიტომ რამდენიმე გასართობ თამაშსა და ხელსაქმეს შემოგთავაზებთ, რათა სახლში ყოფნა თქვენთვისაც და თქვენი შვილებისთვისაც უფრო სახალისო და სასიამოვნო გახდეს.
დეკორატიული ნივთების შექმნა
როცა მთელ დღეებს სახლში ატარებ, ყველა დეტალს აკვირდები, ნელ-ნელა ერთფეროვნება გწყინდება და რაღაცის შეცვლა გინდება. ახალი დეკორაციის შექმნა ბავშვების ან თქვენი ოთახისთვის იმ აქტივობებს შორის შედის, რომელსაც ფსიქოლოგები თვითიზოლაციის დროს გვირჩევენ.
სურათების ჩარჩოს გაფორმება, სარკის გარდაქმნა ან სულაც ბავშვის სასკოლო ნივთები გამრავალფეროვნება დიდებსაც და პატარებსაც ერთნაირად გაგახალისებთ. ახალი ნივთების შესაქმნელად კი ეს პენოპლასტის ფიგურები მოგეწონებათ, რომლებსაც სასურველ ფერებში შეღებავთ და სახლს ახალი დეკორაციით გაამდიდრებთ.
ოჯახის ხე
გენეალოგიური ხის შექმნა მთელი ოჯახისთვის სასიამოვნო და სახალისო საქმიანობა იქნება. აიღეთ დიდი ზომის თაბახის ან ფორმატის ქაღალდი. დახატეთ ხე, ფოთლებად წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს სახალისო აქტივობა ბავშვის უნარებსაც განავითარებს და თანაც თავისი წინაპრების შესახებ საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებს.
მთელი ქალაქი ერთ ოთახში
ქალაქის ქუჩებში სეირნობა თუ მოგენატრებათ, თავად შეგიძლიათ შექმნათ მისი იმიტაცია სახლის იატაკზე. ამისათვის დეკორატიული წებოვანი ლენტები დაგჭირდებათ. მათი გამოყენებით გზები დახაზეთ და სათამაშო მანქანები ერთმანეთს შეაჯიბრეთ. მეტად მრავალფეროვანი თამაში რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ მუყაოს ფიგურებიც, თქვენი გემოვნებით შეღებეთ და დეკორატიულ გზებზე მოათავსეთ.
ხელსაქმე
თვითიზოლაციის პერიოდი კარგი დროა ახალი ხელსაქმის შესასწავლად: ქსოვა, კერვა, ქარგვა და მსგავსი აქტივობები ბავშვებში აუცილებელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. თუკი საჭირო ნივთები სახლში არ აღმოგაჩნდებათ, მათი შეკვეთაც მარტივად შეგიძლიათ.
სამოქმედო თამაშები
ბავშვი რომ არ მოდუნდეს, სახლშივე შესთავაზეთ ისეთი თამაშები, რომლებიც მისგან მოქმედებას მოითხოვს. მაგალითად:
ცეკვა-თამაში
შეარჩიეთ მხიარული მუსიკა და ერთად დადგით ცეკვა, მოიფიქრეთ მოძრაობები, ჟესტები. შეგიძლიათ, ვიდეოც გადაიღოთ და სოციალურ ქსელში ატვირთოთ ან უბრალოდ ოჯახური ალბომისთვის შეინახოთ. ცეკვა თქვენც და თქვენს შვილებსაც გაგახალისებთ და მოდუნებულ კუნთებსაც გაააქტიურებს.
ქალაქი, როგორც თავგადასავალი
წებოვანი ლენტებით დახაზული ქუჩები აქაც გამოგადგებათ. ფურცელზე დაწერეთ სხვადასხვა აქტივობის სახელი (ახტი 10-ჯერ, გააკეთე 10 ბუქნი, დატრიალდი 5-ჯერ....) და ისინი ოთახის სხვადასხვა ადგილას გაანაწილეთ. თითოეულ ფურცელზე თითო ასო-ბგერაც დაწერეთ და ბოლოს სთხოვეთ თქვენს პატარას, რომ მოპოვებული ასოებისგან სიტყვა ააგოს. ეს თამაში როგორც სხეულს, ისე გონებას გაავარჯიშებს.
ფილმების საღამო
მოაწყვეთ საბავშვო ფილმების საღამო. წინასწარ შეადგინეთ კროსვორდი, რომელსაც ბავშვი ფილმის ყურების დროს ან შემდეგ შეავსებს. მაგალითად: ფილმის სახელი, მთავარი გმირის სახელი, რომელ ქალაქში ხდება მოქმედება და ა.შ. ამით ბავშვის მეხსიერებასაც გაავარჯიშებთ და ყურადღებით ყურებისკენაც უბიძგებთ.
სტატიაში დასახელებული ნივთების შეძენა "ბიბლუსის" საიტიდან შეგიძლიათ. თანაც სასურველ ნივთს სრულიად უფასოდ მოგიტანენ სახლში.
იმედი გვაქვს, დასახელებული აქტივობებიდან რომელიმე მაინც მიიქცევს თქვენს ყურადღებას. რაც მთავარია, #დარჩისახლში და ჩვენი რჩევებით გაიხალისეთ თვითიზოლაციის დღეები.