როგორ უნდა იგრძნოს მშობელმა ოდნავ უკეთ თავი კორონავირუსის ეპიდემიის და ფინანსური კრიზის დროს? ოჯახის ფსიქოლოგი ირინა ჩესნოვა რამდენიმე რჩევას გვაძლევს:
პირველი ნაბიჯი:
შეურიგდით იმ აზრს, რომ ფული შემოგაკლდებათ. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ვირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. ცხადია, რომ ეს ხვალ და ზეგ ვერ დასრულდება.
ყველაზე მთავარია, არ აჰყვეთ პანიკას. არ არის საჭირო თავით გადაეშვათ ინტერნეტში და ინფორმაციის ძებნაში გადაქექოთ უამრავი საიტი. ნურც სოციალურ ქსელში გამართულ პოლემიკაში ჩაებმებით, სადაც დღევანდელ ვითარებაზე ათას ჭორ-მართალს ავრცელებენ. დღეში ერთხელ საინფორმაციოს მოსმენა საკმარისია, რადგან ეს ინფორმაციის ტალღა სტრესს და დაძაბულობას მატებს. ამ სიტუაციაში კი ყველაზე მეტად სიმშვიდე გჭირდებათ. არც ყველაფრის მიტოვება და ტყის პირას გადასახლებაა აუცილებელი, უბრალოდ მინიმუმამდე შეამცირეთ ნეგატიური ინფორმაცია და თავი აარიდეთ მსოფლიო ინფორმაციის მორევს.
უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, ვერც ვალუტის კურსს შეცვლით, ვერც ვაქცინის შექმნას დააჩქარებთ, ამიტომ დარჩით სახლში და ყურადღება იმას დაუთმეთ, რაც ამ მომენტში მართლაც თქვენზეა დამოკიდებული.
ხელი მოჰკიდეთ გადადებულ საქმეებს
თქვენი მზერა თქვენს შიდასივრცისკენ უნდა მივაპყროთ. შეგვიძლიათ მეტი ყურადღება დავუთმოთ სხეულს, ჯანმრთელობას, ბავშვებს, მათ ინტერესებს და განვითარებას.
სინამდვილეში უამრავი საქმე დაგვიგროვდა, რისთვისაც აქამდე დრო არ გვყოფნიდა. ეს საქმეები მოძებნეთ და მათი შესრულებით დაკავდით.
ამ მიდგომით განგაშის განწყობას შეამცირებთ და გაგიძლიერდებათ განცდა, რომ საკუთარ ცხოვრებას თავად აკონტროლებთ.
ვირუსის გამო ვეღარ ვმოგზაურობთ, ურთიერთობებიც შევამცირეთ და საკომუნიკაციო წრეც დავიწროვდა. ამიტომ მეტი დრო გაქვთ, რომ გადაქექოთ და მოაწესრიგოთ საოჯახო დოკუმენტები, დარეცხოთ ფარდები, დაგეგმოთ ბიუჯეტი. კარგი დროა, რომ ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, წესრიგი დაამყაროთ სახლსა და ცხოვრებაში. ამისთვის ნაკლები ფინანსები და მეტი ძალისხმევაა საჭირო.
ჩართეთ ენერგოდამზოგავი რეჟიმი
კრიზისული სიტუაციები ადრეც ყოფილა და მიმავალშიც იქნება. ბოლო 30 წლის განმავლობაში რა აღარ გამოვიარეთ, მაგრამ გადავრჩით, ფეხზე დავდექით. ახლა რეალისტურად უნდა შევაფასოთ ვითარება და მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი ძალები, ჩვენს ხელთ არსებული რესურსები. პანიკის გარეშე გამოვყოთ პრიორიტეტები და მათ დავუთმოთ დრო.
ნუ გაიქცევით დოლარის საყიდლად, ნუ გაავსებთ საკუჭნაოებს და დააცარიელებთ მაღაზიების თაროებს - ეცადეთ, ზომიერად მოიხმაროთ ეს ყველაფერი, ჩათვალეთ, რომ ენერგოდამზოგავ რეჟიმზე გადადიხართ.
კრიზისი ტოტალურად უბედურებად ვერ გვაქცევს
შეიძლება კრიზისის პირობებშიც იყო ბედნიერი? რთული კითხვაა. ბედნიერების შეგრძნება ხომ მხოლოდ სურვილების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას არ მოაქვს. განსაკუთრებით ნათლად ბედნიერების მომენტებს მაშინ ვგრძნობთ, როცა მიზნისკენ წარმატებით მივდივართ, როცა ჩვენი ქმედება საჭიროდ და პასუხისმგებლიანად მიგვაჩნია, როცა მივდივართ იქეთ, რაც დასაფასებელი და სასარგებლოა ცხოვრების ნებისმიერი სფეროსთვის.
ოჯახის ფსიქოლოგი ირინა ჩესნოვა