საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, უმძიმეს გამოწვევას, ახალ კორონავირუსს ებრძვის. ქვეყნის მთავრობა და მედიკოსები საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. კორანივირუსის სიპტომებზე დაყრდნობით, ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ეჭვობს, რომ კორონავირუსი საქართველოში უფრო ადრე გამოჩნდა და ბევრმა ადამიანმა გადაიტანა კიდეც. ამბობენ, რომ სწორედ ამ ვირუსით დამახასიათებელი სიმტომებით იყვნენ ავად და ჩვეულებრივ გაციების დროს სამკურნალო წამლები მათზე არ მოქმედებდა. რამდენად რეალურია და საფუძვლიანია ეს ეჭვი, ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით, ინფექციონისტს, შიდსის და იმუნოდეფიციტის დისპანსერული განყოფილების გამგეს ლალი შარვაძეს მივმართეთ:
- ჩვენთან კორონავირუსული ინფექცია შემოტანილი ინფექციაა. დიდი ალბათობით, ის უცხო ქვეყნებიდან არის შემოტანილი, რაზეც ჩვენი შემთხვევები მეტყველებს. ადრე რომ ყოფილიყო, ამჟამად გავრცელების უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა და არა ერთეული შემთხვევები, როგორც ახლა გვაქვს.
- ამ დროისთვის გრიპით ავადობის შემთხვევებზე რას გვეტყვით, როგორია მომართვიანობა, ხომ არ არის რისკი იმისა, რომ ჩვეულებრივ გრიპის და კოროვირუსის სიმტომები აგვერიოს. გრიპის ავადობით ვინც მოდის სავადმყოფოებში, მათაც ჩაუტარებენ კორონავირუსზე ტესტებს?
- გრიპზე მომართვიანობა ისეთივეა, როგორც ყოველ წელს, რაიმე მნიშვნელოვანი ამ მხრივ არ ხდება. სიმპტომები შეიძლება აგვერიოს, თუმცა საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია და დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს (ანუ იყო თუ არა კონტაქტი საეჭვო პაციენტთან).
- მსოფლიოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შემდეგ პირბადეებზე მოთხოვნა განსაკუთრებულად გაიზარდა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც იგი დეფიციტური გახდა. აქედან გამომდინარე, არაერთმა ადამიანმა თავად დაიწყო მისი შეკერვა. რამდენად უსაფრთხოა სახლში სხვადასხვა მასალისგან შეკერილი პირბადეები? რამდენად რეკომენდირებულია მათი გამოყენება და რა ხანგრძლივობით შეიძლება გვეკეთოს ის?
- პირბადის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ექსპერტების რეკომენდაცია არის ის, რომ ვირუსისგან დასაცავად ძირითადად გამოვიყენოთ ხელების ხშირად დაბანა, დავიცვათ დისტანცია, დაახლოებით 2 მეტრი. არ შევეხოთ სახეს შეძლებისდაგვარად, განსაკუთრებით პირის, ცხვირის და თვალების მიდამოს. რაც შეეხება პირბადეს, ის უფრო უნდა გამოიყენოს იმ ადამიანმა, რომელსაც რაიმე სიმპტომები აქვს, რომ ირგვლივ მყოფები დაიცვან. პირბადე ასევე უნდა გამოიყენოს ავადმყოფმა ადამიანმა.
ზოგადად, პირბადეს როცა მოვიხსნით, ის მეორედ აღარ უნდა გავიკეთოთ. რაც შეეხება სხვადასხვა მატერიისგან შეკერილ პირბადეებს, ნებისმიერი შეიძლება, მაგრამ ყველაზე კარგია დოლბანდი რამდენიმე ფენა (5 ან 6 ფენა)
- ბავშვებს ძალიან იშვითად უკეთიათ პირბადე, უჭირთ მისი გამოყენება თუ არც არის აუცილებელი ბავშვს ეკეთოს პირბადე?
- ჯობია, ბავშვი მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. თუ პირბადე უკეთია, ხელით მას არ უნდა შეეხოს. ასევე მოხსნის შემდეგ უნდა გამოიცვალოს.
ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირბადეებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, პირბადე რომელი ბრენდის იქნება, მთავარია, თავისი ფუქნცია შეასრულოს.
რუსკა კილასონია