მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მკაცრად შეიზღუდა გადაადგილება. თამარ ბარბაქაძე ჯანდაცვის მენეჯერია და არც ისე მცირე ხანია, მარნეულში მუშაობს, სამედიცინო დაწესებულება "ადიკში“. ის გვიყვება, როგორია მოსახლეობის განწყობა და რა სირთულეებს აწყდებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელები:
- მოსახლეობაში პანიკა მეტ-ნაკლებად არის, თუმცა ეს არ მწვავდება იმ დონეზე, რომ აგრესიული სახე მიიღოს. თავად ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში, თუმცა მუდმივად მაქვს კომუნიკაცია როგორც ჩვენი კლინიკის მედპერსონალთან, ასევე სხვა კოლეგებთან და ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს აღმოუჩინონ დახმარება ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ. დისტანციურ რეჟიმში აქვთ პაციენტებთან კომუნიკაცია და სიმპტომების გამოვლენისთანავე მთავარი რეკომენდაციაა, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ჩვენი კლინიკა პედიატრიული პროფილისაა და, საბედნიეროდ, ჩვენთან ვირუსის გამოვლენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, აბსოლუტურად ყველა პაციენტს, ვისთანაც გვქონდა შეხება, დავურეკეთ, მივაწოდეთ ინფორმაცია, რჩევები და რეკომენდაციები. სამწუხაროდ, მათ ქართული ენა ცუდად ან საერთოდ არ იციან, ამიტომ, როგორც წესი, ვსაუბრობდით რუსულად ან გვეხმარებოდა თარჯიმანი. გარდა ამისა, პირადად უზრუნველვყოფდი საინფორმაციო ღონისძიებებს სკოლის დირექტორებთან, კომუნიკაციაში კი რაიონის რესურსცენტრი და გამგეობა მეხმარებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. ვთხოვდი, რომ კლასის დამრიგებლებისთვის გადაეცათ ხელის დაბანის ინსტრუქციები, მიეწოდებინათ ინფორმაცია სავარაუდო სიმპტომების შესახებ. რისი საშუალებაც გვქონდა, მაქსიმუმი გავაკეთეთ. გატარდა არაერთი ღონისძიება, რომ მოსახლეობის აქტიურ სეგმენტს ინფორმაცია ჰქონოდა, თუმცა ენის ბარიერი მაინც სერიოზული პრობლემაა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხდო ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის სამსახურს და ყველა ექიმს.
- მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი, სოციალურ ქსელში არასასიამოვნო კომენტარებიც იყო...
- ძალიან სამწუხაროა, რადგან 5 თვეზე მეტია მათთან უშუალო კომუნიკაცია მაქვს და მინდა აღვნიშნო, რომ ბევრად კანონმორჩილი მოსახლეობაა, ვიდრე შეიძლება ბევრი სხვა იყოს. ზედმიწევნით ასრულებენ ექიმების რჩევასა და რეკომენდაციებს. მუდმივად არიან კონტაქტზე, როცა რაიმეს ვერ იგებენ, რეკავენ. ამიტომ, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დროს ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა ხდება. გვყავს აზერბაიჯანელი ექიმები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ქუჩები დაცარიელებულია, ადამიანები იცავენ თვითიზოლაციის წესებს და ის, რაც ტელევიზიით გადაიცა, რომ ვიღაცები გარეთ ხილ-ბოსტანს ყიდიან, ვფიქრობ, სწორი ინსტრუქცია რომ ჰქონოდათ, ამას არ გააკეთებდნენ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ განსაცდელმა დაგვაფიქროს და უფრო მეტი ყურადღება და დრო დავუთმოთ ქართული ენის სწავლებას ეთნიკური უმცირესობებისათვის. სამწუხაროდ, 17 წლამდე ასაკის ბევრმა ახალგაზრდამ ქართულად რამდენიმე სიტყვაც კი არ იცის. ამიტომ, მე, პირველადი პროფესიით ჟურნალისტი, მზადყოფნას ვაცხადებ, რომ დავეხმარო ნებისმიერ მათგანს სხვადასხვა რესურსით. თითი კი არ გავიშვიროთ, რომ რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ, ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა.
- ქართველ დედებზე ხშირად ამბობენ, რომ ზედმეტად ყურადღებიანები არიან, მათ შემთხვევაში როგორაა?
- აზერბაიჯანელი დედები არაფრით განსხვავდებიან ქართველი დედებისგან, მათაც ზუსტად იგივე ყურადღება და დამოკიდებულება აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად დედები არასრულწლოვნები არიან, ბებიები ძალიან აქტიურად ერთვებიან პროცესში და ახალგაზრდა დედებს ეხმარებიან. ყურადღებით გამოირჩევიან მამები და ბაბუები, ყოველდღიურად აკითხავენ მათ, არიან მოწესრიგებულები და მზრუნველები. გულისყურით უდგებიან იმას, რაც მათი შვილის ჯანმრთელობას ეხება.
- თქვენთვის კომუნიკაცია რამდენად მარტივია, ენის ბარიერიდან გამომდინარე?
- არ არის მარტივი, ხშირ შემთხვევაში ჟესტურადაც მიწევს საუბარი, თუ რომელიმე ექთანი დაკავებულია. თუმცა, არის ხოლმე პატარა გამონათებები, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ქართულ სკოლებში დადიან, ბებიას და დედას უთარგმნიან ჩვენ მიერ ნათქვამ ინფორმაციას. მეც მინდა, რომ მსგავს გამონათებებს ჩავეჭიდოთ და სწორი კომუნიკაციით ეთნიკურ უმცირესობებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში დავეხმაროთ.
თამარ იაკობაშვილი