ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, ადამიანებს შინ დარჩენას და ხალხმრავალი ღონისძიებებისგან თავშეკავებას ურჩევენ. გვიახლოვდება დიდი დღესასწაულები: ხარება, ბზობა, აღდგომა... როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ, თუ ამ დროს შინ დარჩენა მოგვიწია - გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე.
- დაიხურა ქალაქები და სახელმწიფოები, ევროპა და ამერიკის კონტინენტი დიდმა შიშმა და დეპრესიამ მოიცვა. ვირუსი, ეს ატომური იარაღია და მის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ დიდ დროსა და მოთმინებას მოითხოვს, ვიდრე შეიქმნება ანტივირუსი. ერეკლე მეფემ შავი ჭირის ეპიდემიის დროს შვილი აცრა და ამით დიდად გარისკა, მაგრამ, ის რაინდული სულისკვეთების კაცი იყო და გაიმარჯვა კიდეც. ერეკლე მეფე როცა გარდაიცვალა და სვეტიცხოვლის ეზოსთან მიასვენეს, მხოლოდ რამდენიმე კაცმა გაბედა და მეფის კუბო საუკუნო განსასვენებელს მიაბარა. სვეტიცხოვლის ეზო სავსე იყო ქოლერით გარდაცვლილი ადამიანების გვამებით. ეს ჩვენი ქვეყნის მძიმე და ცნობილი ისტორიაა. ახლა სხვა დროა, იტყვის ადამიანი და ასეც არის. მედიცინა წინ წავიდა და დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ სიახლის წინაშე მაინც უძლური აღმოჩნდა მსოფლიო, მაგრამ ერთმა პატარა ქვეყანამ, რომელსაც საქართველო ჰქვია, ამ გამოწვევას, როგორც არასდროს, ისე სხარტად და ადეკვატურად უპასუხა. ეს ჩვენი ექიმების და უფლის შეწევნაა. მართლაც, წარმოუდგენლად სწრაფ დროში განხორციელდა სამედიცინო მენეჯმენტი. განუზომელია ამ საქმეში ხელისუფლების ღვაწლიც. სწრაფად და ოპერატიულად მოხდა სინოდის რიგგარეშე შეკრება და ეკლესიამ გაითვალისწინა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციები. ალბათ, მომავალში კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება ეკლესიის მოქმედება ამ რეკომენდაციების შესრულების საქმეში.
- როგორ უნდა აღინიშნოს დიდი დღესასწაულები, ხარება, ბზობა, აღდგომა ასეთ პირობებში?
- მოდის დიდი საუფლო დღესასწაულები: ხარება, ბზობა, აღდგომა, რომელიც ყველაზე დიდი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. მოგეხსენებათ, რომ ათ კაცზე მეტის შეკრება შენობა ნაგებობებში იკრძალება, რა უნდა გააკეთოს ამ დროს ეკლესიამ, როცა მრევლი განუზომლად დიდი ჰყავს? თან გასათვალისწინებელია, ქართველი კაცის ემოციური ბუნება, მაგრამ მინდა, ყველამ გაიგოს, როგორც პატრიარქმა თქვა ქადაგებისას: „დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მუშაკებმა მოგვცესო“. რა თქმა უნდა, ჩვენს შინაგან კულტურაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოვიქცევით. მოგეხსენებათ, რომ დღესასწაული არ არის იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანი, რადგანაც ეს სამყარო ადამიანისთვის შეიქმნა და ეს უდიდესი დღესასწაულები ადამიანის გამოხსნას ემსახურება, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: „ქრისტემ, ხატი მონისა მიიღო“, რას ნიშნავს ეს? უფალმა დაიმდაბლა თავი და შვილის გამოსახსნელად მოვიდა და ეკლესიაც, სწორედაც მისი დაარსებულია ამ ქვეყანაზე. „შაბათი დღისთვის კი არ შეიქმნა ადამიანი, არამედ ადამიანისთვის შაბათი“, ეს სიტყვები უფალმა წარმოსთქვა ფარისევლების წინაშე, როდესაც შაბათი დღე უმეტესი იყო ადამიანზე. ადამიანი ეს ღთაებრივი სიტყვაა და თუ ჩავწვდებით ქრისტიანული ანთროპოლოგიის სიღრმეებს, დავინახავთ, რომ სამყაროში ადამიანი, როგორც მეფე და მსგავსი ღვთისა, ისე შეიქმნა. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და ვეცადოთ, არ გავხდეთ მიზეზნი ერთმანეთის დაღუპვის.
ქრისტეს წმინდა სისხლი და ხორცი სულის მაკურნებელია და იგია ზეციური პური, რომელიც ჩვენ მოგვეცა. ამისათვის ამ პურს დიდი რუდუნებით უნდა მივეახლოთ. მსოფლიო ეკლესიების უმეტესმა ნაწილმა და სინოდმა, მრევლს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა. მათი მხრიდან ესეც მამობრივი დამოკიდებულებაა, რადგანაც იმქვეყნებში, სადაც ეს მოწოდება მოხდა, პანდემია მძვინვარებს და ეკლესიის ეს მიდგომა ვგონებ, მართებული და მამობრივია. ისაია წინასწარმეტყველი ასე მიმართავს ისრაელს: „წარვედი ერო ჩემო და შევედინ საუნჯესა შენსა, დახშენ კარნი შენნი წინაშე შენსა დაემალე მცირედ, რაოდენმე ვიდრემდე წარხდეს რისხვაი უფლისაი.“ ეს ისაიას სიტყვებია და მოუწოდებს ერს, დაემალოს ჭირს, ვიდრემდე გადაივლის ღვთის რისხვა. (ესაია 26,20) როგორც მოგეხსენებათ, თითოეულ ჩვენგანზეა პასუხისმგებლობა და ამაზე ჩვენვე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. რწმენას შეუძლია მთები დაძრას, მაგრამ ვეცადოთ, არ გამოვცადოთ უფალი ღმერთი ჩვენი.
დღესასწაულებზე კი უფალმა ინებოს, ეს ეპიდემიური რისხვა განქარდეს და სიხარულით შევეგებოთ დიდებულ აღდგომას. სახლში ყოფნა თუ მოგვიწია, გვჯეროდეს, ყოვლადმოწყალე უფალი ჩვენთან იქნება და ეს მდგომარეობაც გამოცდის ჩვენს მოთმინებას. ქრისტე შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად მსოფლიო.
- შეიძლება მკაცრი ზომების გამო სასაფლაოზე გასვლაც ვერ შეძლოს უმრავლესობამ
- დღესასწაულებზე უფალმა ინებოს, რომ ეს ეპიდემიური რისხვა განქარდეს და სიხარულით შევეგებოთ დიდებულ აღდგომას. ინებოს უფალმა, რომ საფლავებზე გასვლაც შევძლოს, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა ეს, ნუ იდარდებთ, რადგანაც გადაივლის ჭირის ღრუბელი და გამოანათებს მზე სიხარულისა. და თუ მოგვიწია სახლში ყოფნა, გვჯეროდეს, რომ ყოვლადმოწყალე უფალი ჩვენთან იქნება და ეს მდგომარეობაც გამოცდის ჩვენს მოთმინებას. ქრისტემ შეგეწიოთ და გაგაძილეროთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად მსოფლიო.
თეა ცაგურიშვილი