დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმს და მისი დაინფიცირება აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება. ინფორმაციის გავრცელაბას მოჰყვა დამატებითი დეტალების გავრცელებაც - თითქოს ექიმი-ექოსკოპისტი, რომელიც 14 მარტს ჩამოვიდა აშშ-დან, ორ დღეში მივიდა სამსახურში და მთელი დღე იღებდა პაციენტებს, ასევე შეხება ჰქონდა 140-მდე კოლეგასთან.
ამ ამბავმა ბევრი ადამიანი შეაშფოთა, რადგან კლინიკა "მედკაპიტალთან" უამრავ ადამიანს აქვს შეხება, მათ შორის - ბავშვებს. გადავწყვიტეთ, კლინიკის თანამშრომლებთან გადაგვემოწმებინა ინფორმაცია.
როგორც კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს ჩვენთან საუბარში, მისი კოლეგა ქალბატონი არა 14 მარტს, არამედ 8-ში დილით დაბრუნდა ამერიკიდან. 9-ში გამოცხადდა სამსახურში, ხოლო უკვე მეორე დღეს - 10 მარტის დილიდან, კლინიკის მენეჯერის ინიციატივით, სახლში წავიდა, თვითიზოლაციაში. მაშინ მას არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. სიმპტომები მხოლოდ ახლახანს, კონკრეტულად კი 22 მარტს გამოუვლინდა.
სავარაუდოდ, ის აეროპორტში დაინფიცირდა ან გზავრობისას, რადგან ის ოჯახი და გარემოცვა, ვისთანაც იყო ამერიკაში, სრულიად ჯანმრთელები არიან.
თანამშრომლები ამ ეტაპზე პანიკაში არ არიან, რადგან 9-10 მარტის შემდეგ 14 დღე გავიდა და რისკები მკვეთრად შემცირებულია. ასევე ამშვიდებენ პაციენტებს, რომლებსაც შეიძლებოდა, 9-ში ჰქონოდათ კონტაქტი ექიმთან.