გიორგი ხურციძისა და ლიკუნა ლობჟანიძის წყვილი ორი წელია ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქ შანდონგაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ჩინეთი საშიშ ქვეყანად იქცა და კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ შანსი ქვეყანა დაეტოვებინათ, ახლობლების გამო იქ დარჩენა არჩიეს.
გიორგი და ლიკუნა თვითზოლაციიდან 60 დღეს ითვლიან. ქალაქის დაკეტილი კომუნებიდან გასვლის უფლება ჯერ კიდევ არ აქვთ და ცაც დაკეტილია, რომ სამშობლოში თუნდაც კარანტინში დაბრუნდნენ.
AMBEBI.GE ლობჟანიძე-ხურციძის წყვილს ესაუბრა:
- 17 იანვარს გავიგეთ, რომ ქვეყანაში რაღაც პრობლემა იყო. ჩინურ არხებს დიდად არ ვუყურებდით, მაგრამ გვითხრეს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. მალე სამყაროც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ჩინური ახალი წელი მოდიოდა, ამ დროს დიდია ქვეყანაში შიდა და გარე მიგრაცია, ხალხი ცდილობს საკუთარ სახლში იყოს. სწორედ ამდენი გადაადგილდების გამო ვფიქრობდი, რომ ვირუსის შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა.
- ჩინეთში ტელევიზიებით, ალბათ, მხოლოდ ვირუსზე საუბრობდნენ...
- ჩვეულებრივი პროპაგანდა მიდიოდა - როგორ მალე აშენდა ჰოსპიტალი, როგორ უვლიდნენ მედდები ავადმყოფებს. ზოგადად, ჩინელები მითითებებს ძალიან დაემორჩილნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გაეპარათ შემთხვევები, ერთ-ერთი რითაც ჩინეთი მარტივად მოერია ვირუსს, ავტორიტარული რეჟიმია. ციფრული ავტოკრატია აქვთ - ყველას ყველაფერის ნახვა შეუძლია, სად გადაადგილდები, სად რას იხდი.
- ვირუსის გავრცელების შესახებ უამრავი ვერსიაა, ჩინეთში რას ამბობენ ოფიციალურად?
- მეც ბევრი ვერსია წავიკითხე, მაგრამ აქაურ სამთავრობო არხზე მხოლოდ პანგოლინის ვერსიაა გამოქვეყნებული. ეს გახლავთ გადაშენების პირას მყოფი ცხოველი, რომელსაც ჩინელები ჭამენ. არსებობს ვერსია, რომ პანგოლინმა შეჭამა ღამურა და შემდეგ ადამიანმა მიირთვა პანგოლინი, რომელიც თერმულად არ იყო კარგად დამუშავებული. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ცოტა მოერია ვირუსს, ამბობენ, რომ ეს ხელოვნურად შექმნესო, თუმცა ჯერჯერობით მაინც პანგოლინის ვერსიაზე არიან შეჯერებულები.
- ამბობენ, რომ ჩინეთში კარანტინისა და თვითიზოლაციის შემდეგ განქორწინებულთა რიცხვი გაიზარდა...
გიორგი: ალბათ, მართალია, რადგან ცოტა უცნაური ოჯახები აქვთ, ერთად დიდ დროს არ ატარებენ, არ მეგობრობენ ცოლთან და ახლო ურთიერთობა არ აქვთ. წარმომიდგენია რა იყო კაცებისთვის კარანტინი, აქაც საუბრობდნენ მაგ თემაზე.