ვაქცინას, რომელიც 100 წლის წინ შეიქმნა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, მელბურნელი მედიკოსები ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ ცდიან. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ, შესაძლოა, ის ადამიანს COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს უმუშავებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ვაქცინა სახელად bacillus Calmette-Guerin, იგივე BCG (რომელსაც ჩვენთან „ბეცეჟეს“ უწოდებენ) პირველად 1921 წელს გამოიყენეს მედიცინაში და მას ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერენ. რაც მთავარია, სპეციალისტების თქმით, ის ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლის იმუნიტეტს უმუშავებს.
"ამ ვაქცინას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება. ორგანიზმს უკეთესად მებრძოლს ხდის უამრავი განსხვავებული ინფექციის ბაქტერიისა და ვირუსის წინააღმდეგ“, - ამბობს მელბურნის ბავშვთა კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი.
BCG (Bacillus Calmette–Guérin) ვაქცინა ავსტრალიის კლინიკებში მომუშავე 4000 მედიკოსზე გამოიცდება. მკლევარები ამით დაადგენენ, რამდენად ეფექტური იქნება COVID-19-თან საბრძოლველად. ვაქცინაცია დღეს იწყება.
ანალოგიური კვლევა მიმდინარეობს ნიდერლანდებშიც. ვაქცინა ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 130 მილიონი ახალშობილის იმუნიზაციისთვის გამოიყენება და თუ კვლევა წარმატებული აღმოჩნდება, მას ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფებს შესთავაზებენ. თავდაპირველად კი მათ, ვინც მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი არიან, რა თქმა უნდა, ექიმები, რომლებსაც ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი აქვთ და მათი ინფიცირების საფრთხე დიდია.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა შესაძლო გზაზე ჯანდაცვის წარმომადგენლების დასაცავად“, - ამბობს ნაიჯელ კურტისი.