კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა დასრულდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის სიტუაციის კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ:
"დინამიკა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემაშფოთებელია... გვაქვს სამი შემთხვევა, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. ეს, სხვა მოცემულობებთან ერთად, შემდეგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას გვაძლევს.
სამწუხაროდ, ყველა მოქალაქეს არ აქვს მდგომარეობის სიმძიმე გაცნობიერებული... ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამკაცრების ღონისძიებებით ვეცადოთ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, მიუღებელია..." - განაცხადა გახარიამ.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. გიორგი გახარიას განმარტებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.
"კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება", - განაცხადა გახარიამ.