საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე იმოქმედებს და სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა 3 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. რამდენიმე აქტუალური კითხვა სპეციალურად შექმნილ ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გადავამოწმეთ:
- მანქანაში მგზავრობის შეზღუდვა ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებას ეხება, თუ ქალაქშიც მოქმედებს ეს შეზღუდვა?
- ზოგადად ეხება ტრანსპორტირებას, ავტომობილში მაქსიმუმ უნდა იმყოფებოდეს სამი მგზავრი.
- თუ ოჯახში 3-4 ბავშვია და მშობელს სჭირდება მათთან ერთად გადაადგილება, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ?
- ამ ეტაპზე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა ეს წესები, შეზღუდვაა სამი ადამიანი და მნიშვნელობა არ აქვს, მცირეწლოვნები არიან თუ ზრდასრულები. ყველას ჩათვლით სამი ადამიანი უნდა იყოს ავტომობილში განთავსებული.
- დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე, როდესაც დასაშვებია გადაადგილება, ყველას სჭირდება რაიმე საშვი თუ ამ მონაკვეთში თავისუფლად შეგვიძლია გარეთ გასვლა?
- დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეგიძლიათ გადაადგილება, უბრალოდ, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საშვი კი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუკი ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდში უწევთ გადაადგილება.
- თუ ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდში დაგვჭირდა გადაადგილება, მაგალითად აფთიაქში აუცილებელი წამლის შესაძენად, როგორ უნდა მოვიქცეთ?
- თუკი არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გჭირდებათ აფთიაქში წასვლა, იცით, რომ აფთიაქები მუშაობენ კომენდანტის საათის პირობებშიც და აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ გასვლა, თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული.
- ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება მანქანით თავისუფლად შეიძლება?
- დიახ, საქალაქთაშორისო გადაადგილება არ არის შეზღუდული.
- ვინც მუშაობს მაღაზიებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებში, რომლებიც მუშაობას არ წყვეტს, ამავე დროს, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათი გადაადგილების უზრუნველყოფა დამსაქმებლის მოვალეობაა?
- გადაადგილება საკუთარი ავტომობილითა და ტრანსპორტით შეიძლება დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე, იმ შემთხვევაში, თუ მომუშავე პერსონალი ვერ ახერხებს საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილებას, უნდა მიმართონ ადმინისტრაციას და ისინი უზრუნველყოფენ დახმარებას.
- შეგვიძლია თუ არა ბავშვის გასეირნება, ან შინაური ცხოველის გაყვანაა დღის განმავლობაში?
- დიახ, შეგიძლიათ, რომ გაასეირნოთ ბავშვი დღის განმავლობაში. გარეთ გასვლა აკრძალულია ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ასევე უნდა მიიღოთ თავის დაცვის სპეციალური ზომები, პირბადითა და ხელთათმანით უნდა იყოთ აღჭურვილი. 9 საათზე ზუსტად უნდა ბრძანდებოდეთ სახლში. უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობა და ბავშვის დაბადების მოწმობა ან პირადობის მოწმობა. ძაღლის გასეირნებაც შესაძლებელია, როცა არ იქნება ე.წ. კომენდანტის საათი.
თამარ იაკობაშვილი