თავშესაფრის მაძიებლები, საიდი და ჰამიდი საქართველოში ავღანეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდნენ. ეთნიკურად ჰაზარებს რამდენიმე დღის წინ მძიმე შემთხვევა გადახდათ - 20 მარტს, ღამის 02:00 საათზე ისინი სახლში ტაქსით ბრუნდებოდნენ, როდესაც მძღოლმა მათ იმაზე მეტი თანხის გადახდა მოსთხოვა, ვიდრე უნდა გადაეხადათ. მიზეზად ტაქსის მძღოლმა მათი წარმომავლობა დაასახელა, გადახდაზე უარის გამო კი ძმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამვლელი პირები მძღოლს დაეხმარნენ და ძმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საიდ იუსიფი, რომელმაც ინციდენტის დროს რამდენიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის ჭრილობა თავის არეში, იხსენებს, როგორ თქვა ტაქსის მძღოლმა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დროს: "დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი ჩამოიტანა" (F...ing Chinese brought Coronavirus in Georgia).
ჰამიდ და საიდ იუსუფები საქართველოში ავღანეთიდან 2017 წელს, ოჯახთან ერთად ჩამოვიდნენ. ნაცემი ახალგაზრდა იმასაც იხსენებს, თუ როგორი დამოკიდებულება იგრძნო სამართალდამცველებისგან, შემდეგ კი - მედიკოსებისგან, როდესაც დაჭრილი საავადმყოფოში მივიდა.
"მე ავღანეთიდან ვარ, საქართველოში 2017 წელს, ოჯახთან ერთად ჩამოვედი. ჩვენ საქართველოში თავშესაფრის მაძიებლები ვართ, ჩემი და-ძმა სპორტით არიან დაკავებულნი, საქართველოს სახელით გამოდიან, ტაეკვონდოში ჩემპიონები არიან და აქ განათლებას იღებენ.
ისინი ყოველდღიურად შრომობენ და იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს საქართველოს დროშას უფრო მაღლა და მაღლა ასწევენ. თავშესაფრის მაძიებლები თავიანთ ქვეყნებში იმაზე დიდი სირთულეების წინაშე დგანან, ვიდრე ეს უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემებია. მაგალითად, ჩემი ქვეყანა, ავღანეთი, 35 წელია, ტერორისტების თავდასხმების ქვეშაა, საწყალი ხალხი ჩემს ქვეყანაში ყოველდღიურად იღუპება.
ჰამიდ იუსუფი ტაეკვონდოში საქართველოს სახელით ასპარეზობს.
- შეგიძლიათ, დეტალურად გაიხსენოთ ინციდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეგემთხვათ?
- 2020 წლის 20 მარტს, ღამის 2 საათზე, მე და ჩემმა ძმამ ჰამიდმა "იანდექსის" ტაქსით, თავისუფლების მოედნიდან ისნის მეტრომდე ვიმგზავრეთ. აპლიკაციაში ეწერა, რომ 3 ლარი და 50 თეთრი უნდა გადაგვეხადა. როცა დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდით, ტაქსის მძღოლმა სამჯერ მეტის გადახდა მოგვთხოვა იმ მიზეზით, რომ უცხოელი ვარ. უარის გამო კი ლანძღვა დაიწყო, თუმცა ცოტა ხანში 5 ლარზე ჩამოვიდა.
ფული არ მივეცი და მანქანიდან გადავედი. მძღოლი გაბრაზდა, ისიც გადმოვიდა მანქანიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო, მეძახდა - "დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი ჩამოიტანაო". ამ დროს, ვიღაც უცხო ბიჭებმა ზურგიდან შემოგვიტიეს. მცემეს იმიტომ, რომ უცხოელი ვარ. განაგრძეთ კითხვა