ამ დღეების განმავლობაში სამედიცინო საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს სხვებზე უფრო ხშირად უწევთ მედიაში გამოჩენა და მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთება. მათ შორის ერთ-ერთი თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანია, რომლის ემოციურმა, ხშირად - პოზიტიურმა გამოსვლებმა მის მიმართ ყველა დადებითად განაწყო.
ლევან რატიანი სპეციალობით ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგია, მედიცინის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი. 1982 წლის 2 ნოემბერს არის დაბადებული ქალაქ ფოთში. ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა და წარჩინებით დაამთავრა. იქვე გააგრძელა სწავლა და თერაპიის მიმართულების დოქტორი გახდა. 2005-2007 წლებში საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში, რადიობიოლოგიისა და რადიობიოლოგიური ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში უფროსი ლაბორანტი იყო. 2010 წელს ცოდნის ასამაღლებლად გაემგზავრა აშშ-ში, მაიამის უნივერსიტეტის ჯექსონის სახელობის კლინიკაში შინაგან მედიცინასა და კარდიოლოგიაში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად, შემდეგ ექიმ-რეანიმატოლოგად, შემდეგ კი ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად სხვადასხვა კლინიკაში, კითხულობდა ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში.
2018 წლიდან დღემდე – თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალური დირექტორია. არის სხვადასხვა პროექტისა და ორგანიზაციის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
ხშირად აღნიშნავს, რომ ნებისმიერ პაციენტის მდგომარეობას განიცდის და განსაკუთრებით მტკივნეულია მისთვის პაციენტის გარდაცვალება. ამის შესახებ საუბრობს ის პროგრამა "პულსისთვის" მიცემულ ინტერვიუში (იხილეთ ვიდეო სტატიის თავში).
ჰყავს მეუღლე - ასევე ექიმი გვანცა ჯანიგაშვილი და სამი შვილი.