მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ, ამის შესახებ დღეს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
სპეციალურად შექმნილ ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, რომ გადაწყვეტილება დღეიდან, 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში. იმ ადამიანებს, კი რომლებსაც 200 კილოვატზე მეტი ელექტროენერგია და 200 მ3-ზე მეტი ბუნებრივი აირი ექნებათ დახარჯული, შეღავათები არ შეეხებათ.
დავინტერესდით, რა ფორმით მოხდება ანგარიშის განულება.
კომპანია "თელასში" განგვიცხადეს, რომ ამისთვის საჭირო არ არის რაიმე სპეციალური განცხადების დაწერა და იმ ადამიანებს, რომლებსაც 200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია აქვთ დახარჯული (დაახლოებით 37 ლარი), ავტომატურად ჩამოეწერებათ გადასახადი. იგივე განაცხადეს "თბილისი ენერჯიში" ბუნებრივ აირთან დაკავშირებით - ისინიც 200 მ3-ზე ნაკლები ვისაც აქვს დახარჯული (დაახლოებით 90 ლარის ოდენობის), მათ ავტომატურად ჩამოაწერენ თანხას.
იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი, თანხა შეენახებათ და სამი თვის შემდეგ მოახერხებენ გამოყენებას.
რაც შეეხება რეგიონებს, "ენერგო-პრო-ჯორჯიას" აბონენტებს შეღავათი შეეხება იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია.
რეგიონებშიც ანალოგიურად იქნება შეღავათი გაზის გადასახადზე, იმ კომპანიებისა და ტარიფების შესაბამისად, რომლებიც მუშაობენ ამა თუ იმ რეგიონში.
თამარ იაკობაშვილი
ვინ უნდა გადაიხადოს დასუფთავებისა და წყლის გადასახადი - განმარტება კომპანიებიდან