SARS-CoV-19 - ვირუსული ინფექცია, რომელმაც შეცვალა დღევანდელი მსოფლიო. უახლესი მონაცემებით ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 203 ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 800.000-ზე მეტია. სამედიცინო საზოგადოება აქტიურად სწავლობს ვირუსის გავრცელების, პრევენციის, მკურნალობისა თუ ვაქცინაციის გზებს.
როგორც ცნობილია, კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებულ რისკს ქმნის 70 წელს გადაცილებულ და, ასევე, სხვადასხვა ქრონიკული თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში, ხოლო ახალგაზრდა ასაკში გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. Covid-19-სა და თანმხლები ენდოკრინული დაავადებების შესახებ საუბრობს აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი.
აღსანიშნავია, რომ მორბიდული სიმსუქნის მქონე (მაღალი ხარისხის სიმსუქნე, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40 კგ/მ2-ს აღემატება) პაციენტებიც, ასევე, მოიაზრებიან მაღალ რისკ-ჯგუფში.
ყველაზე მარტივი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც მთელი მსოფლიო თანხმდება, ესაა სოციალური იზოლაცია. მაქსიმალურად მოერიდეთ კონტაქტებს და არ გახვიდეთ გარეთ აუცილებლობის გარეშე. როგორც მრავალჯერ ითქვა, სწორედ იზოლაციაა ინფექციისგან დაცვის მთავარი იარაღი.
დაიბანეთ ხელები ხშირად და სრულყოფილად, არ შეეხოთ სახეს, სისტემატურად გაწმინდეთ და დაადეზინფიცირეთ ხშირად მოხმარებადი ნივთები.
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - სისხლში შაქრის მაჩვენებლების მოწესრიგება! პანდემიის დროს ინტენსიურად აკონტროლეთ სისხლში გლიკემიის დონე. ქრონიკული ჰიპერგლიკემია აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს და ზრდის სხვადასხვა ინფექციით გართულებების რისკს. კარგ გლიკემიურ კონტროლს არსებითი მნიშვნელობა აქვს ინფექციასთან ბრძოლის პროცესისა და გართულებების პრევენციისთვის.
ნებისმიერი ინფექციური პროცესი ზრდის ორგანიზმში გლუკოზის დონეს, ასევე, მოთხოვნილებას სითხეზე, ამიტომ არ დაგავიწყდეთ წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღება.
მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები, გლუკომეტრის ჩხირები, ასევე, მარტივი ნახშირწყლები (ხილის წვენი, თაფლი) დაბალი გლუკოზის დაფიქსირებისას გამოსაყენებლად. დარწმუნდით თქვენი გლუკომეტრის გამართულ მუშაობაში.
იკვებეთ გონივრულად, ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ სხვადასხვა შეფერილობის ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები, თხილეული. იზრუნეთ იმუნიტეტზე, ვიტამინებით (A, B6,B12,C, D), რკინით, სელენით, თუთიით მდიდარი საკვების ყოველდღიური გამოყენებით.
გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რჩევები სწორი კვების შესახებ, რათა მაქსიმალურად დასტაბილურდეს სისხლში შაქრის მაჩვენებლები!
მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, იძინეთ დღე-ღამის მანძილზე, სულ მცირე, 7-8 სთ.
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოგვიწოდებს, დღე-ღამეში მაქსიმუმ 2-ჯერ გავეცნოთ პანდემიის შესახებ ცნობებს და შეძლებისდაგვარად ვარეგულიროთ სტრესის დონე.
ვიცით, რომ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტია ჩვენი იმუნიტეტი. სტრესის დროს ჭარბად გამოყოფილი ჰორმონები - კორტიზოლი, ადრენალინი აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს, მსოფლიო მედიცინას კი ჯერ არ შეუქმნია იმუნიტეტის მასტიმულირებელი უნივერსალური საშუალება.
მაღალია, ასევე, Covid-19-ით გართულებების რისკი პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით. ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია მკურნალ ექიმთან მჭიდრო კონტაქტი, რადგან Covid-19-ის დადასტურების შემდგომ მოხდეს ჩანაცვლებითი თერაპიის დროული კორექცია.