ქართველი ემიგრანტი ნუნუ რობაქიძე იტალიაში, მილანში იმყოფება. ის მოხუცს უვლიდა, რომელიც 3 დღეა გარდაიცვალა და ამ დრომდე მათთან არავინ მისულა. გთავაზობთ ამონარიდს მისი ვრცელი პოსტიდან
„ვზივარ და ველოდები როდის გათენდება. სამწუხაროდ, სამშობლოს გარეთ, იტალიაში მილანში ვარ ამ ურთულეს, კატასტროფულ სიტუაციაში.
სამი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ. ირგვლივ თითქოს სიცოცხლე აღარ არსებობს. ასე დააზომბირეს მსოფლიო ხალხები.
ვერავინ გვეკარება, არავინ არ შემოდის. არც არაფერი გაუკეთეს. მოვაწესრიგე უკანასკნელ გზაზე ყველანაირად, როგორც უვლიან ქართველები მიცვალებულს. სანთლები აუნთე, ვილოცე, საგალობლებიც ჩაურთე... მაგრამ, ეს დრო არა და არ გავიდა.
მარტო ძნელი ყოფილა... უკვე სუნთქვა შემეკრა. ფანჯრებს დიდხანს ვერ ვაღებ, რომ არ შევუწყო ხელი ვირუსს, არადა კარანტინში ყოფნა მომისაჯეს მიცვალებულთან ერთად.
არ იციან, ეს ქალბატონი რით გარდაიცვალა. დღეს მოვა სპეციალური ჯგუფი და წაასვენებენ საბრალოს.
არავინ, არც ერთი ნათესავი და ოჯახის წევრი არ მოდის შიშისაგან. შევრჩი მხოლოდ მე...
ღმერთი არს ჩემთან, ჩემი უსასრულო სიყვარული - ქრისტე ღმერთი. ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება...“