აიდან შენერს უმრავლესობა იცნობს როგორც მშვენიერ ფერიდეს სერიალიდან "ნარჩიტა მგალობელი ფრინველია", რომელიც პირველი თურქული სერიალი იყო, 1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა სამყაროში რომ შემოაღწია.
აიდანი თურქი მოდელი და მსახიობია. 1963 წლის 1 მარტს დაიბადა ქალაქ კილისში, მუსიკათმცოდნესა და დიასახლისის ოჯახში. მისი წინაპრები, მამის მხრიდან, ყაზანიდან იყვნენ, ყაზანელი თათრები, თუმცა 1877 წელს უარი თქვეს მონათვლაზე და თურქეთში წავიდნენ ემიგრაციაში.
აიდანი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა ოჯახი კილისიდან ბურსაში გადავიდა საცხოვრებლად და იქვე დაამთავრა სკოლა. 18 წლისამ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და "მის თურქეთი" გახდა, შემდეგ კი "მის მსოფლიოზე" წარმოადგენდა თურქეთს.
ტიტულის მოპოვების შემდეგ აქტიურად იყო დაკავებული მოდელობით, იღებდნენ რეკლამებში.
სულ მალე ჰქონდა დებიუტი კინოში. ყველაზე დიდი წარმატება კი ფერიდეს როლმა მოუტანა "ნარჩიტაში". რეშატ ნური გიუნტეკინის მსოფლიო კლასიკად აღიარებული ნაწარმოები ოსმან სედენმა აქცია ფილმად და წარმატებულიც გახდა.
1983 წელს აიდანი გათხოვდა - მისი რჩეული თურქი ფეხბურთელი აიხან აკბინი იყო. ხუთ წელიწადში მათ ქალიშვილი გაუჩნდათ, 1991 წელს კი გაიყარნენ, რადგან ქმარი გამუდმებით ეჭვიანობდა აიდანის როლებზე, წარმატებაზე და მის თაყვანისმცემლებზე. მას მერე აიდანი აღარ დაქორწინებულა.
აიდანი გარდა სერიალებისა, თამაშობდა სრულმეტრაჟიან ფილმებში, შიგადაშიგ ისევ მოდელობდა და ხშირად იწვევდნენ პოპულარულ ტელეშოუებში.
აიდანი და მისი ქალიშვილი
დღეს იშვიათად თამაშობს კინოში, თუმცა თეატრშია აქტიურად დაკავებული. ქველმოქმედებაშია ჩართული. აქტიურია ინსტაგრამზე, ჰყავს თავისი ხელმომწერები.
აიდანის ქალიშვილი დედის გზას არ გაჰყვა. არქიტექტორია და თავის საქმეში წარმატებულია. აიდანი სწორედ ქალიშვილთან და თავის მამასთან ერთად ცხოვრობს კერძო სახლში, 12 ძაღლსა და სხვა ცხოველებსა და ფრინველებთან ერთად.