იტალიაში ხანგრძლივი კარანტინის პირობებში ადამიანების გარკვეულ ნაწილს ნერვები ღალატობს, უმუშევრობის და ელემენტარული სახსრების არქონის გამოც ნელ-ნელა დაიწყო ქვეყანაში ბუნტი. აღარ არის აივნებზე სიმღერები. ახლა ხალხი დასტრესილი და შეშინებულია, იმდენად არა ვირუსისგან, რამდენადაც სიღარიბისგან, რომელიც უმრავლესობას ელოდება...
სულ ცოტა ხნის წინ კი ტრაგიკული შემთხვევაც დაფიქსირდა.
28 წლის იტალიელმა მედძმამ ანტონიო დე პაჩემ თავისი 27 წლის რჩეული, ასევე მედდა ლორენა კუარანტო დაახრჩო, რადგან გადაწყვიტა, რომ სწორედ გოგონამ გადასდო მას კორონავირუსი. მოგვიანებით გაირკვა, რომ არც ეჭვმიტანილს და არც მსხვერპლს ვირუსი არ დაუდასტურდათ - ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
შემთხვევა სიცილიაში მოხდა, ქალაქ მესინაში. ბიჭი თავს დაესხა გოგონას, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და შემდეგ თავის მოკვლაც სცადა. მოგვიანებით პოლიციაში განაცხადა, რომ ჰქონდა ეჭვი, რომ გოგონამ მას კორონავირუსი გადასდო.
ისინი სიცილიაში ერთსა და იმავე კლინიკაში მუშაობდნენ და მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ პაციენტებთან. ანტონიო მედძმა იყო, გოგონა კი ექიმობას აპირებდა და პრაქტიკას გადიოდა კლინიკაში. გარდაცვალების შემდეგ მას ექიმის წოდება მიანიჭეს.