თვეზე მეტია, კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის მთელ მსოფლიოში საბავშვო ბაღები, სკოლები და სათამაშო მოედნები დაიხურა. მილიონობით სახლში გამოკეტილი ბავშვი მხოლოდ ფანჯრიდან, ან მანქანიდან უყურებს გაზაფხულის თბილ დღეებს, წასასვლელი არსად აქვთ, ვერ ნახულობენ მეგობრებს.
როგორ უნდა ავუხსნათ პატარა ბავშვს, რომ გარეთ სათამაშოდ გასვლა არ შეიძლება? არც მის მეგობარს შეუძლია, სათამაშოდ მოვიდეს მასთან... და მსოფლიომ მოიფიქრა და მათთვის ამ მძიმე დღეების გადასატანად თამაში დაიწყო!
„დათუნიებზე ნადირობა“ (Bear Hunt) - ასეთია თამაში, რომელიც მსოფლიომ წამოიწყო იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ბავშვებს ამ დღეების გადატანა გაუმარტივონ და გაამხნევონ. თამაში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წამოიწყეს. გვინდა ჩვენც შევუერთდეთ ამ თამაშს და ჩვენი პატარებიც გავახალისოთ.
ბევრმა აღიარა, რომ თამაში მარტო ბავშვების გასართობი არ აღმოჩნდა და უფროსებმაც იგრძნეს ერთმანეთის მხარდაჭერა.
თამაშის პრინციპი ასეთია: უფროსები სათამაშო დათუნიებს ტოვებენ ძირითადად - ფანჯრის რაფებზე, აივნებზე, დაპარკინგებულ მანქანებში, საფოსტო ყუთებში, ზოგიერთები - გარეთაც, ხეებზე და ბუჩქებთან. ზოგიერთები, ვისაც დათუნია არ აქვს, ხატავენ კიდეც. მშობლებს კი ბავშვები მანქანით გამოჰყავთ სასეირნოდ ან სახლის ფანჯრებიდან იყურებიან და იწყება „დათუნიებზე ნადირობა“ - უნდა აღმოაჩინონ რაც შეიძლება მეტი ჩამალული სათამაშო. შეიძლება, რამდენიმე საათში 500-ზე მეტი დათუნიაც კი იპოვონ.
რა თქმა უნდა, მხოლოდ უნდა აღმოაჩინონ და დათვალონ პატარასთან ერთად, შესაძლოა, ფოტოებიც გადაუღონ, შეხება და ხელის მოკიდება, მით უმეტეს, წამოღება, არ შეიძლება - თამაშის დროს არავინ არღვევს და ყველა იცავს სოციალურ დისტანციას.
მერი ბლიაძე