თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე იყო კრიტიკული.
მისი თქმით, გარდაცვლილ პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული გიპერტენზიით.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტია , კოვიდ ინფიცირებული გვყავდა 41, რეანიმაციაში გვყავდა 5 პაციენტი, 4 აპარატზე. გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური, ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილია თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ვინაიდან, შემოყვანისთანავე მჟავეტუტოვან წონასწორობაში იყო 7 და ნული, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული გიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკური კვლევებით დაისვა აღნიშნული დიაგნოზი პაციენტის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური, მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“ , -განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილის ასაკი გართულებების მაღალ რისკს მიეკუთვნება.
„აღნიშნული ასაკი, პლუს აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება მაღალი გართულებების რისკს და პოლიორგანულ უკმარისობას. შესაძლებელია ნებისმიერ ვირუსს გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი",- განაცხადა ლევან რატიანმა.
ინტერპრესნიუსი