ესპანეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ფიქრია რობაქიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და თავის მძიმე მდგომარეობის ამსახველი ვიდეოც დადო.
სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უკეთესობისკენ არ იცვლება. როგორც ფიქრიამ Mshoblebi.ge-ს უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი პნევმონია აქვს, მკურნალობას სახლში აგრძელებს.
"დღეს უფრო ცუდი დღე მაქვს, გაუსაძლისია. ყოველდღე იმატებს ტკივილები. თავიდან თვალების ტკივილით დამეწყო, მერე თავის და ყელის ტკივილი დაერთო და ყოველდღე იმატებს. დღეს უკვე ყველაფერი მტკივა. განსაკუთრებით მკერდის არეში გაუსაძლისია, გინდა გული ამოიგლიჯო. ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გაუსაძლის ტკივილს იწვევს. ამის მიუხედავად სახლში ვარ, რადგან არ ვითვლები მძიმე პაციენტად, საშუალო სიმძიმის ვარ. მკურნალობის სრულ კურსს გავდივარ სახლში, მკურნალობას თვალს ადევნებს ქართველი არაჩვეულებრივი ექიმი რევაზ მეჭურჭლიშვილი და თვლის, რომ კარგ კურსს გავდივარ. ესპანელი ექიმებიც მაქსიმუმს აკეთებენ, ყოველ 3 საატში მაქვს მათთან კონტაქტი, ყოველდღე მომდის ტესტი კითხვებით და ვავსებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უყურადღებოდ დამტოვეს ესპანელმა ექიმებმა და საავადმყოფოში არ დამაწვინეს. დამაწვენდნენ, მძიმე მდგომარეობა რომ მქონდეს. მართალია სახლში ვარ, მაგრამ ჩემს მდგომარეობას 3 საავადმყოფოს ექიმი აკონტროლებს. მძიმე რომ ვიყო, დამაწვენდნენ. ჰაერის უკმარისობის შემთხვევაში სასწრაფო 3 წუთში მოდის ადგილზე და ჟანგბადის დახმარებით გადაყავხარ კლინიკაში. არ ვარ უყურადღებოდ, ჩემს უკან მთელი არმია დგას ქართველების, ყველა ემიგრანტი ჩემთან არის, მამა ლუკა გვერდიდან არ მშორდება, ასევე დიასპორის ხელმძღვანელი, ქალბატონი დიანა, აქ მოღვაწე ქართველი ექიმები, ქალბატონი მანონი და ირმა. ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი სითბოსთვის, მათ გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი", - ამბობს ფიქრია.
რაც შეეხება დაინფიცირების წყაროს, ფიქრიას ამის დაზუსტება უჭირს.
"მხოლოდ მაღაზიაში ჩავდიოდი, ისიც ყველა წესის დაცვით. აქ რთულია გაკონტროლება, ვისგან შეგხვდება. ალბათ, ჯობდა ერთიანად მომემარაგებინა ყველაფერი და მაღაზიაში სისტემატურად არ მევლო" - ამბობს ემიგრანტი.
მერი ბლიაძე