ექიმი-კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რომელიც უკვე 20 წელია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, კატეგორიულად აფრთხილებს ადამიანებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართონ მედიკამენტოზურ მკურნალობას, მით უმეტეს, თვითნებურად, ექიმის მითითების გარეშე.
გეგეჭკორი 5 წელია ნიუ-იორკში, The Mount Sinai-ის სამედიცინო ქსელის ჰოსპიტალში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს და იმ შეკითხვებს პასუხობს, რაც მის პაციენტებს და არამხოლოდ პაციენტებს, კორონავირუსთან დაკავშირებით უჩნდებათ.
გთავაზობთ ვრცელ პოსტს, რომელიც ნანა გეგეჭკორმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა:
"რაც ეს ეპიდემია დაიწყო, ყოველდღე ვესაუბრები უამრავ უცნობ ადამიანს. ვცდილობ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო მათ კითხვებს და დავეხმარო დაავადების სახლში მართვაში (თუ ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ).
ძალიან ხშირად ვაწყდები შემთხვევებს, როცა თვითნებურად ღებულობენ სხვადასხვა ანტიბიოტიკებს, განსაკუთრებით ორი ცნობილი ანტიბიოტიკის კომბინაციას (სახელებს შეგნებულად არ ვწერ, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს მიღების სურვილი). გთხოვთ ნუ იზამთ ამას! კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა და არის ჟანგბადზე დამოკიდებული ან მართვით სუნთქვაზე. სხვა შემთხვევაში არანაირ მედიკამენტს არ ვიყენებთ!
მეტიც, ორივე ამ ცნობილ წამალს ახასიათებთ მძიმე გვერდითი ეფექტები, მათ შორის სიკვდილის რისკისშემცველი არითმია, ე.წ პარკუჭოვანი ფიბრილაცია. არ მიიღოთ ეს წამლები ექიმის ნებართვის გარეშე, გთხოვთ! ჩემს კოლეგებს კი ვთხოვდი, ნუ გამოწერთ ამ წამლებს სახლის პირობებში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მსუბუქ ფორმებს არ სჭირდება არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა! ასეთი ფორმების მართვის მთავარი პრინციპებია:
1. აღრიცხეთ სიმპტომების გამოვლენის პირველი დღე.
2. ყურადღებით დააკვირდით სიმპტომებს და ყოველი ახალი სიმტომის გამოვლენა ასევე აღნიშნეთ (ეს ექიმს დაეხმარება დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებაში).
3. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები.
4. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად, რამდენადაც მოახერხებთ. დაავადებას ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა და შეიძლება კვება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ელექტროლიტური ბალანსი არ დაირღვეს და დეჰიდრატაცია არ მოხდეს.
5. თუ საშუალება გაქვთ იზოლაციის პირობების დაცვით, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე (ეზოში ან აივანზე, ნუ ისეირნებთ იქ, სადაც სხვები სეირნობენ).
6. ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს განსაკუთებით იმათ ეხება, ვისაც ხველა ან სუნთვის უკმარისობა აქვს გამოხატული. მუცელზე ძილი (ეგრეთ წოდებული ფრონინგი) წამალზე უკეთესი საშუალებაა ფილტვების დასაცავად. ფრონინგი არაა რეკომდენირებული სიმსუქნით დაავადებულებისთვის. ამ ჯგუფში ხშირად, უარყოფით შედეგსაც კი ვღებულობთ.