თვითიზოლაციაში მოქცეულ ადამიანებში სტრესი მატულობს, სტრესის დროს კი ჭამის მადა იზრდება. დღეს, სახლში დარჩენილი ადამიანების უმეტესობა სწორედ იმას უჩივის, რომ შინ მყოფები კვების პროცესს ვერ აკონტროლებენ, რის გამოც, ნელ-ნელა წონაც ემატებათ.
არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ადამიანების შინ დარჩენის პერიოდი, ამიტომ, წონაში სერიოზულად რომ არ მოიმატონ, ამისთვის როგორმე უნდა მოვახერხოთ საკუთარი კვების რეჟიმის გაკონტროლება და საკვების დაბალანსება. ამაში კი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა დაგვეხმარება.
„გეთანხმებით, რთულია აღნიშნულ სიტუაციაში გაწონასწორებული ნერვული სისტემის შენარჩუნება და ნებისყოფის გამოჩენა, ვინაიდან სახლში ვატარებთ იმაზე მეტ დროს, ვიდრე აქამდე და გვიწვეს ჩვენს საყვარელ „მაცივართან“ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, თუმცა ძალა და ენერგია უნდა მოვიკრიბოთ, რომ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესები, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის, ჭარბი წონა, სიმსუქნე და ამასთან, შევამციროთ ვირუსით ინფიცირების რისკი, რადგან, არასწორი ჯანსაღი ცხოვრების წესი და სიმსუქნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფიცირების ალბათობის რისკ ჯგუფების ჩამონათვალში წამყვან ადგილს იკავებს. ამიტომ აუცილებელია, განსაზღვრული გვქონდეს დღის რუტინა, ვიცოდეთ, რომელ საათზე უნდა გავიღვიძოთ, რომელზე მივირთვათ საუზმე, სადილი, ვახშამი, რა დრო უნდა დავუთმოთ ვარჯიშს, ლიტერატურის გაცნობას, სოციალურ ქსელს და ა.შ. თუ ეს ყველაფერი წინასწარ გვექნება გაწერილი და განსაზღვრული, შესაბამისად, ვიქნებით რეჟიმში და არ გაგვიჭირდება. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ჩვეულებრივი სამუშაო, რის შედეგადაც საზღაურად ჯანმრთელობას ვიღებთ“, - გვეუბნება ექიმი.
- დღის განმავლობაში უნდა ვიკვებოთ 4-5-ჯერ, იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი გრაფიკი. კვებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2,5 და მაქსიმუმ, 4 საათი, უნდა გვქონდეს საუზმე, სადილი და ვახშამი, ამასთან, 1 ან 2 დამატებითი კვება ხილით, რძის პროდუქტით ან ბოსტნეულით. ახლანდელი მდგომარეობით, იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენ იმუნურ სისტემაზე, სასურველია, კვების რაციონში ჩართული იყოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, ცოცხალი სახით, რათა ორგანიზმმა მიიღოს ყველა საყუათო ნივთიერება, რაც აუცილებელია ჩვენი მეტაბოლიზმისთვის.