როგორც ცნობილია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის მერიის ინიციატივით, ის პროდუქტები, რომელიც ბავშვებს სტანდარტულად სააღმზრდელო პროცესში უნდა მიეღოთ, ისევ ბავშვებს მოხმარდებათ. აღსაზრდელების ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა ჯერ კიდევ 19 მარტს დაიწყო. საკვები პროდუქტები გადაეცემა ყველას, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა აღსაზრდელის ოჯახს, ვინც, ამის სურვილი გამოთქვა.
გუშინ პროცესის მეორე ეტაპი უკვე დაიწყო. პროცესი საგანგებო ვითარების მოქმედების პერიოდში გაგრძელდება, ხოლო პროდუქტების გაცემამდე, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მშობლებს შეატყობინებს ბაღში გამოცხადების თარიღსა და დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა და ახლო კონტაქტი. ასევე მაქსიმალურად აღჭურვილნი არიან ბაგა-ბაღის თანამშრომლები, რომ თავადაც დაიცვან თავი ინფიცირებისგან და მშობლებიც.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ მიმდინარეობს პროცესი, კონკრეტულად რა ურიგდებათ მშობლებს და როგორია მათი გამოხმაურება. დავუკავშირდით თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის - 50-ე საბავშვო ბაღის დირექტორს მეგი გვრიტიშვილს.
ქალბატონი მეგის თქმით, პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და ორ კვირაში ერთხელ ურიგდებათ აღსაზრდელების მშობლებს საკმაოდ კარგი და საჭირო ნაკრები - 2 კგ. ფქვილი, 1 კგ. ხახვი, 2ლ. რძე, 1კგ. შაქარი, 6 კვერცხი, 1 ლ. ზეთი, 1 ლ. ხილფაფა, 0,5 კგ ყველი, 1 ყუთი ჩაი, 2 კგ კარტოფილი. და ჩამოთვლილი პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები რიგდება ორი და მეტი, თუ ოჯახიდან ორი და მეტი ბავშვი დადის შესაბამის ბაღში.
მეგი გვრიტიშვილი თანამშრომლებთან ერთად
დირექტორის თქმით, სრულიად აღჭურვილები არიგებენ პროდუქტებს. პროდუქტებს ყველა აკითხავს, მათ შორის, ქალაქიდან გასული აღსაზრდელების მშობლებიც, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მშობელი მის კუთვნილ პროდუქტებს იქვე გადასცემს სხვას, ვისაც უფრო სჭირდება ან უკვე გარეთ გამოსულებ ურიგებენ მათ, ვისაც უფრო სჭირდებათ.
ცნობისათვის, დედაქალაქში ფუნქციონირებს 181 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000 ბავშვი იღებს.
მშობლების მოლოდინში მყოფი ბაღის მასწავლებლების ცეკვა - მხიარული ვიდეო თბილისის ბაღიდან