ნანა მახარაძე AMBEBI.GE-ს იტალიიდან ესაუბრა:
- თავიდან აცხადებდნენ, რომ კორონავირუსით მხოლოდ ხანში შესული ადამიანები ავადდებოდნენ. ყველამ იცის, რომ იტალიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დიდია. თუმცა რეალურად დღევანდელი მდგომარეობით, ახალგაზრდებიც ბევრი არიან ინფიცირებული. გაითვალისწინეთ, რომ იტალიაში 40 წლის ადამიანი ახალგაზრდად ითვლება.
- დიახ, ქართველ ემიგრანტებზე ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა თავიდან. პირველად, ჩემს ცხოვრებაში ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანების ნაწილი სპეცრეისით წამოიყვანა სამშობლოში. ზოგადად მე მგონი, იტალია ერთადერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა ემიგრანტების მიმართ. ყველას იღებს და მკურნალობს, არ აქვს მნიშვნელობა საბუთიანია თუ უსაბუთო.
გავრცელდა ვიდეოები, სადაც ემიგრანტები ამბობდნენ, რომ სამსახურები დაკარგეს და სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ. მესმის მათი, ზოგიერთმა მათგანმა სამსახური კორონავირუსის ინფექციის გამო დაკარგა ან მუშაობდნენ ისეთ დაწესებულებებში, სადაც შემდეგ კარანტინი გამოცხადდა. ვინც 24 საათიან სამსახურში მუშაობდა, ისინი აგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ გარეთ არ გამოდიან. თუმცა წარმოიდგინეთ, ის ადამიანები, ვინც საათობრივად მუშაობდნენ, იტალიელებს მათი სახლში შეშვების ეშინიათ, რადგან ვირუსია გავრცელებული.
შიში აქვთ უცხო ადამიანის მიღების. ამიტომ უნდათ ქართველებს სამშობლოში დაბრუნება. არც კორონავირუსამდე იყო ბევრი სამსახური, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება, სამსახურის შოვნა რთულია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ძალიან ბევრი მოხუცი გარდაიცვალა ვირუსით და მათი მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ. თან ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს დანაზოგი არ აქვთ, რომ ცოტა ხანი მაინც გაიტანონ თავი. მთელ ფულს საქართველოში აგზავნიდნენ.
- პროდუქტების დეფიციტი თქვენთანაცაა?
- თავიდან ჩვენთანაც იყო, რადგან აქაც მიაწყდა ხალხი სუპერმარკეტებს... ბოლოს როდესაც გავედი, ჩემს ქალაქში დახლებზე პროდუქცია იყო, მაგრამ არჩევანი ნაკლებია. ადრე თუ 12 სახეობის შაქრიდან ამოარჩევდი სასურველს, ახლა ნაკლებად. ვერსად იპოვით აქაც სველ ხელსახოცებს, ერთჯერად ხელთათმანებს, ანტისეპტიკურ სითხეებსა და გელებს, თუმცა ტუალეტის ქაღალდი არის. ასევე დეფიციტია ნიღბების. შეზღუდულია გადაადგილება.