2 წლის გაბრიელი კარანტინიდან გარბის - მხიარული ვიდეო ყაზბეგიდან - მშობლები

2 წლის გაბრიელი კარანტინიდან გარბის - მხიარული ვიდეო ყაზბეგიდან

2020-04-09 19:59:28+04:00

ეს პატარა ბიჭი, 2 წლის გაბრიელ კურკუმულია, ყაზბეგის რაიონის სოფელ ყანობიდან. 4-შვილიან ოჯახში გაბრიელი მეოთხე ბიჭია, ყველაზე პატარა. როგორც ჩანს, ძალიან მოიწყინა კარანტინში, მეზობლები და მეგობრები მოენატრა და გაქცევა დაგეგმა. თუმცა მიზანი ბოლომდე ვერ შეასრულა - ჭიშკრის ქვემოდან გამომძვრალს გარეთ მეზობელი დახვდა და ჯერ ვიდეო გადაუღო, მერე კი უკანაც დააბრუნა.

როგორც პატარა გაბრიელის მამა, მესაზღვრე ავთო კურკუმული გვიყვება, მსგავსი მეთოდებით სახლიდან გასვლაში შუათანა ძმამ - ელისემ გაწვრთნა - ფანჯრიდან გადიპარებოდა და გაბრიელსაც გაიყოლებდაო.

გაბრიელის დედა ნანა ნოზაძე ბაღის მასწავლებელია. მისი თქმით, ძალიან უჭირს გაბრიელს სახლში ყოფნა:

- დღესაც პატარა სკამი მიჰქონდა ერობაში (სოფლის თავშეყრის ადგილას) და კარების ხმაზე გავიქეცი, ძლივს შემივიყვანე. ღამეც გარეთ უნდა. რომ არ ვუშვებთ, მერე იწყებს ფიქრს, როგორ გაიპაროს.