მომღერალი ნინი წიკლაური უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. შვილები - საბა და ილია - იქ გააჩინა და საკუთარ საქმესაც წარმატებულად აკეთებდა, სანამ მსოფლიოს დღის წესრიგს კორონავირუსი შეცვლიდა. ასეთ დროს ალბათ განსაკუთრებულად რთულია ნათესავ-მეგობრებისგან შორს ყოფნა, მით უმეტეს მაშინ, როცა შენი ქვეყანა ბევრად ეფექტურად ებრძვის პანდემიას, ვიდრე ამერიკა. ჩვენ ნინის დავუკავშირდით და შექმნილი ვითარების შესახებ ვესაუბრეთ.
- ზოგადად რა ვითარებაა ახლა ამერიკაში, ერთია რას ვისმენთ საინფორმაციო საშუალებებით და მეორეა, რეალურად რა ხდება?
- იმის მიუხედავად, რომ საინფორმაციოები აქტიურად აშუქებენ ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობას, მაინც გეტყვით, რომ სიტუაცია ბევრად რთულია. სამწუხაროდ, ყოველ წამს იმატებს დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. დაკეტილია ყველა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტი და რამდენიმე მუშაობს, სადაც 2-2 ადამიანს უშვებენ და ისიც სათანადოდ დაცულებს პირბადითა და ხელთათმანებით, მაგრამ პირველადი მოხმარების ნივთების მარაგი თითქმის ამოწურულია, ან სადმე თუა დარჩენილი, ძალიან ძვირი ღირს. ბევრი ჩემი ნაცნობი სახლიდან ვერ გადის, რადგან პირბადეები არ აქვს და თან, როგორც ავღნიშნე, საკმაოდ გაძვირებულია. საავადმყოფოები პირდაპირი მნიშვნელობით გადატენილია და ასევე დამატებით გაშლილია კარვები. გართულებულია ტესტის ჩატარებაც, ვინაიდან არასაკმარისი რაოდენობის გამო, პირველად დახმარებას მხოლოდ მძიმე პაციენტებს უწევენ. ტელევიზიით მართლაც არ გადმოიცემა ყველა სირთულე, რეალურად კი სიტუაცია თითქმის უმართავია, ამას ქვეყნის სიდიდესაც ვაბრალებთ. შეუძლებელია, ამხელა მოსახლეობის გაკონტროლება სათანადოდ. ერთადერთი გამოსავალი არის სახლში ყოფნა და თვითიზოლაცია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ აქ ცხოვრება ყოველდღიურად დიდ ხარჯებს მოითხოვს და სადამდე გასტანს ეს უმუშევრობა, არ ვიცი. რაც მთავარია, გადასახადები მაინც მოდის და არაფერი შეჩერებულა.
- ნინი, სახლიდან რა შემთხვევაში გადიხართ ან ვინ გამარაგებთ, თუნდაც, საკვები პროდუქტებით?
- პირველ რიგში გეტყვით, რომ ორმაგად მიმძიმს ეს იზოლაცია. პირველ რიგში იმიტომ, რომ რთულია ბავშვების გაჩერება ერთ ოთახში, თან გაურკვეველი დროით, ჩვენ უსამსახუროდ, მე სტუდიის გარეშე, სიმღერის გარეშე... ეს ფსიქოლოგიური სტრესია, როცა ჰაერის ჩასაყლაპადაც ვერ გაყოფ თავს გარეთ. ხანდახან მეჩვენება კიდეც, რომ ბაქტერიას ვხედავ... ამოვწურეთ ყველანაირი თამაში, გასართობი აქტივობები სახლის პირობებში. საბას ყოველდღე ვუხსნი, თუ რატომაა სათამაშო მოედნები დაკეტილი, ხან სამშენებლო სამუშაოებს ვაბრალებ, ხან უბრალოდ - საქანელებს სძინავთ და ა.შ. საკვები უახლოესმა მეგობრებმა მოგვიმარაგეს, ჩვენც შეძლებისდაგვარად შევავსეთ სახლი, რომ მაქსიმალურად გვყოფნოდა დიდხანს. ასევე ჩვენი გენერალური კონსული, დიანა ჟღენტი და საკონსულო ძალიან ეხმარება თანამემულეებს საკვებით, წამლებით... მათ შორის მეც დამირეკეს და მთხოვეს, რომ მოურიდებლად შევეხმიანო საჭიროების შემთხვევაში.
- ხალხი ისევ დადის ქუჩაში? თუ შეჩერდა ამერიკის რიტმიც?
- „ამერიკა დუმს“- ამ სათაურით, სამწუხაროდ, არაერთი სტატია გამოდის და ეს მართლაც ასეა - დღეს ამერიკა დუმს. ისეთი ადგილები, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაგალითად მანჰეტენი, თაიმსქვერი - დღეს აბსოლუტურად ცარიელია. ტურისტების ყველაზე საყვარელი და ცნობილი ბრუკლინ ბრიჯიც მთლად მარტოა გამოკიდებული და რაღაცნაირად დამთრგუნველია. რთულია, ასეთ ხმაურიან ქვეყანას ასე ჩუმს ხედავდე. რაც შეეხება დანარჩენ შემოგარენ უბნებ, ცხადია, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ან არ სჯერათ პანდემიის საშიშროების, ან უბრალოდ დაიღალნენ და დადიან ქუჩაში, თან პირბადის გარეშე. ასეთებს სამწუხაროდ, არც თუ ისე ცოტას ვხედავთ.
- რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს პროცესი? შენ რამდენად დაცულად გრნობ თავს? ახლა კი აკრძალულია ფრენები, მაგრამ ხომ არ გიფიქრია, რომ აქ ყოფნა გირჩევნია ასეთ დროს?
- სახელმწიფო ჯერ სათანადო ზომებს კიდევ არ იღებს. აქ კომენდანტის საათიც კი არ გამოცხადებულა, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს. საქართველო ბევრად მობილიზებული შეხვდა ამ მსოფლიო დარტყმას და ათობით გამოჯანმრთელებულიც ჰყავს... სიამაყით ვადევნებ თვალყურს, როგორ ირეცხება ჩემს ქვეყანაში ქუჩები, როგორ მაქსიმალურად ცდილობს ყველა, რომ მალე აღმოფხვრან ვირუსი ქვეყნიდან. რაც შეეხება ჩემი ოჯახი წევრებს საქართველოში, თითქის 24-საათიან კავშირზე ვარ მათთან და ვგეგმავ, რომ როგორც კი აღდგება ფრენები და გაიხსნება საზღვრები, მოვკიდო ხელი ოჯახს და ჩამოვიდე. ცხადია, ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ საკუთარ სახლში ვიგრძნობ თავს.
ციცი ომანიძე