უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ საქართველოში 5G ინტერნეტის გამოყენებას. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ, 2020 წელს 5G ინტერნეტის გამოყენებაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა. თუმცა სიახლეს ადამიანთა ნაწილი უარყოფითად შეხვდა და ფიქრობენ, რომ მეხუთე თაობის ინტერნეტით შესაძლოა საფრთხე შეექმნას მათ ჯანმრთელობას. რით განსხვავდება მეხუთე თაობის ინტერნეტი წინებისგან და არის თუ არა ის საფრთხის შემცველი, ფიზიკოსებს, ზურაბ ვარდანაშვილსა და ნათია ლოლაძეს ვკითხეთ ამის შესახებ.
ზურაბ ვარდანაშვილი: "რაც უფრო მაღალი სიხშირეა, მით უფრო მეტი ინფორმაციის გადაცემა შეიძლება. მაგალითად, მორზეს ანბანის გამოყენებით, მაგიდაზე ნელა რომ ვაკაკუნო, ერთ წუთში უფრო ნაკლებ სიტყვას გადავცემ. სწრაფად რომ გავაკეთო ეს, ერთ წუთში შეიძლება სამას სიტყვამდე გადავცე. იგივე შემიძლია ვთქვა სიხშირეზეც. რაც უფრო მაღალია სიხშირე, მით უფრო მეტი ინფორმაციის გადაცემა შეიძლება დროის ერთეულში. შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როდესაც სიხშირეს ზრდიან, ზრდიან იმ ინფორმაციის გადაცემის მოცულობას, რომელიც შეიძლება წამში გადასცე. მაგალითად, ტელევიზორი 700 მეგაჰერცზე მუშაობს, 2,4 გიგაჰერციდან 2,6 -მდე მუშაობს მობილურისა და wi-fi-ს სიგნალები და ასე შემდეგ. Wi-fi-ს სტანდარტი დაახლოებით 5 წელია უკვე 5 გიგაჰერცია. აიფონსაც აქვს 5 გიგაჰერცის მხარდაჭერა. მაგრამ, მობილურ ინტერნეტსა და wi-fi-ს მეორე სტანდარტს შორის, 3,4-3,8 გიგაჰერცის შუალედში დარჩენილ დიაპაზონში ჩასვეს 5G. ახალი სიხშირე არ შეუქმნიათ. სახლის wi-fi-ს 5 გიგაჰერცს ჩვენ ისედაც ვიყენებდით. 3 გიგაჰერც სიხშირეს გამოიყენებს მიკროტალღური ღუმელი ან სხვა მაღალსიხშირიანი მიკროტალღური ტექნიკა და როდესაც ადამიანების საფრთხეზე საუბრობენ, მაშინ, გამოდის, რომ წლების განმავლობაში ამ საფრთხის წინაშე ვიყავით.
ულტრაიისფერი სხივები, რენტგენი და გამა გამოსხივება კი, რომელიც სახიფათოა ადამიანისთვის, ათასჯერ და მილიონჯერ უფრო მაღალი სიხშირეა, ვიდრე ეს 5G და არანაირად არ უკავშირდება იმ სიხშირეებს, შესაბამისად, 5G-ს არ შეუძლია ადამიანის ორგანიზმს ავნოს."
რატომ არის მნიშვნელოვანი მეხუთე თაობის ინტერნეტის გამოყენება თითოეული ჩვენგანისთვის და რისი შეცვლა შეუძლია მას, ფიზიკოსი ნათია ლოლაძე განმარტავს:
"ინტერნეტის შექმნის დღიდან მეცნიერები მისი სიხშირისა და სიჩქარის გაზრდაზე მუშაობდნენ და ამას ახლაც აკეთებენ. ახალი თაობის 5G ინტერნეტი წინა თაობისგან, რა თქმა უნდა, განსხვავებულია სიხშირითა და დიაპაზონით, დაბრკოლების გადალახვის ხარისხით. ქსელის ძირითადი მახასიათებლებია: მაღალი სიხშირის სპექტრის ერთობლიობა, რამდენიმე ოპერატორის ერთდროული მხარდაჭერა და სიჩქარის გაზრდა სიხშირის ერთობლიობით ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე უფრო რთული იყო ინტერნეტის მიწოდება. ამ გზით შესაძლოა საქმე გაიოლდეს, თუმცა მიმღებიც სრულყოფილი უნდა იყოს. საუბარია ძალიან დიდი ინფორმაციისა და სერვისების უსწრაფესად მიღებაზე, მაგალითად, ამბობენ, რომ საათიანი ფილმების გადმოწერა ერთ წუთში იქნება შესაძლებელი, რაც გარდა იმისა, რომ დროს შეამცირებს, ნერვულ სისტემაზეც დადებითად იმოქმედებს. ძალიან ბევრი სასარგებლო მხარე აქვს ამ ყველაფერს და იქედან გამომდინარე, რომ ზუსტად ახლაა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა, ამის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, განათლების მიღება და ყოველდღიურობა.
დღევანდელმა სიტუაციამ ნათლად დაგვანახა, რომ 5G ინტერნეტი ძალიან კარგი იქნებოდა და ბევრ ადამიანს გაუმარტივებდა ცხოვრებას. თუ უნდა ვიცხოვროთ ტექნოლოგიებითა და მეცნიერული მიღწევებით, მაშინ გაუმჯობესებულით ვისარგებლოთ. იქ, სადაც ინტერნეტი ცუდად იჭერს, სიგნალის მიღების შემდეგ, გამოსხივება უფრო მეტია, რადგან კიდევ უფრო აქტიურდება ელექტრომაგნიტური ტალღების მიმღები. ამიტომ, ჩემი აზრით, მეხუთე თაობის ინტერნეტი პირიქით, უფრო სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისათვის."
მისივე თქმით, ინტერნეტი და ტელეფონი იმდენად დიდი მიღწევაა მსოფლიოსთვის, რომ საფრთხეებს გაცილებით აჭარბებს სარგებლიანობა.
ზურაბ ვარდანაშვილი კი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ასე ეხმაურება: "მსგავსი არასწორი ინფორმაციის პირველწყარო უმეტესად რუსული ნათარგმნი სტატიები აღმოჩნდება ხოლმე. მინახავს ინფორმაცია, რომ თითქოს ამ გზით ადამიანებზე ჩიპირებას დაიწყებენ. რა შუაშია ჩიპირება სიხშირესთან, 5G-სთან და კოვიდ-19-თან, მე როგორც ფიზიკოსს, არ მესმის. ტელეფონს რომ გადახდის ფუნქცია აქვს, დაახლოებით იმავე სიხშირეებზე მუშაობს ის პატარა ჩიპი -კაფსულა, რომელსაც უდგამენ ცხოველებსა და ადამიანებს. NFC-ს სიხშირეებია 13.56 მჰც და RF ჩიპების და კაპსულების 125-134.2 კჰც ანუ 5G-ზე მინიმუმ ათასჯერ და ტელევიზიაზე 50-ჯერ უფრო დაბალი სიხშირე. ვინმემ, რომ მისით ადგილმდებარეობის განსაზღვრა ან სხვა რამ შეძლოს, შეუძლებელია. მაგალითად, მე სახლში ელექტრონული საკეტები მაქვს. ვსარგებლობ სამაჯურით, რომელშიც პატარა RF ჩიპია, სახლში მისვლისას კი გასაღების გარეშე შემიძლია კარის გაღება, რაც უფრო მარტივი და მოსახერხებელია. თვითონ ჩიპს არ გააჩნია სიგნალის გადაცემის საშუალება, ის სკანერიდან იღებს სიხშირეს და უბრუნებს პასუხს, ამიტომაც ასეთი RF ან NFC ჩიპების უკუპასუხის მანძილი მაქსიმუმ 15 სანტიმეტრია (ისიც საკმაოდ ძვირადღირებული და დიდი გადამცემ-მიმღები აპარატებით), შესაბამისად, გეოლოკაციასთან საერთოდ ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. არ მაქვს ლაპარაკი უკვე იმაზე, რომ მიკროჩიპს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება ვირუსთან, მის მკურნალობასთან ან ამ ჩიპიდან 15 სანტიმეტრზე უფრო დიდ მანძილზე რაიმე ინფორმაციის მიღებასთან. ამდენად პატარა ჩიპს არ შეუძლია დიაგნოსტიკური მონაცემების შეგროვებაც კი. მაშინ გამოვიდოდა რომ ბრინჯის მარცვლის ხელა ჩიპი შეცვლიდა უზარმაზარ ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ დანადგარებს, რაც აბსურდია."
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც განმარტებულია, რომ ვირუსი რადიოტალღების/მობილური ქსელების მეშვეობით არ გადაეცემა და კოვიდ-19 გავრცელებულია ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც 5G მობილური ქსელი საერთოდ არ აქვთ. 5G ინტერნეტი რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს, აღნიშნულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიც.
თამარ იაკობაშვილი