29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ნებართვის მისაღები ფორმა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mepa.gov.ge.
„მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე. შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს).უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 144-ის ცხელ ხაზს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.