თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირს“ მიიღებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ.
„დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესივირი“ კარგია. იმასაც ამბობენ, რომ კომპანიის აქციები გაიზარდა. რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა საქართველოს მისი მიღების შანსი, თავიდანვე, როდესაც ამ პრეპარტზე კვლევა დაიწყო, მის მისაღებად მთელი მსოფლიო რიგში იდგა. იმის გამო, რომ ჩვენთან ძალიან ცოტა ინფიცირებულია და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი, ამ რიგში უშანსოდ ვიქნებოდით, რადგან ჯერ ბუნებრივია, იმ ქვეყნებს დააკმაყოფილებდნენ, სადაც ბევრი გარდაცვლილი და ინფიცირებულია, მაგრამ ჩვენს მთავრობას ერთი პრივილეგია აქვს, ფარმაცევტული კომპანია „გილეად საიენსი“ საქართველოს C ჰეტატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის უფასო მედიკამენტებს აწვდის, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიარდია. საერთოდ, დიდ პატივს სცემს ეს კომპანია საქართველოსა და მის ჯანდაცვას, ვინაიდან ერთად ვაკეთებთ C ჰეპატიტის ელიმინაციას. ჩვენმა ხელმძღვანელობამ ისარგებლა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ. არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მას მიიღებს და თუ დღევანდელი იმედები გამართლდა, ამით საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ“,-განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება კიდევ ერთ დამაიმედებელ სამკურნალო საშუალებას. საქართველო თითქმის მივიდა იმ ეტაპამდე, როდესაც პლაზმით მკურნალობა დაიწყება. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, პლაზმის შეგროვება უკვე დაიწყო.
„ეს არ არის მედიკამენტი, ეს არის ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც საუკუნის წინაც გამოიყენებოდა „ისპანკის“, ებოლას, ფრინველის გრიპის, H1N1-ის დროს, მაგრამ აქ არის ერთი სპეციფიკა, ამას სჭირდება ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და ძალიან მაღალი კომპეტენცია. ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ მკურნალობის ამ მეთოდს მივმართოთ ანუ პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ. ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი, ეს უნდა იყოს მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი, რომ მას გადავუსხათ ეს პლაზმა. კიდევ უნდა იყოს დამთხვევა ჯგუფის, რეზუსის და მთელი რიგი ლაბორატორიული პარამეტრების, ისე ვერ გამოიყენებ ამ პლაზმას,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ეს ვერ იქნება მკურნალობის მასიური მეთოდი, რადგან, საქართველოს პოტენციურად პლაზმის შესაგროვებლად სულ 8 დონორი ჰყავს.
„ამის შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია. მინდა იცოდეთ, რომ ეს ვერ იქნება მასიური მკურნალობის მეთოდი იმიტომ, რომ საქართველოში სულ არის 178 გამოჯანმრთელებული. ამ ადამიანებიდან ყველას სისხლი არ გამოდგება დონორად პლაზმის დასამზადებლად. ჩვენ ვსინჯავთ ყველა ამ დონორის სისხლს და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ და ასეთი ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არის დაახლოებით, 20-დან 1. პოტენციურად, 8 დონორი შეიძლება გვყავდეს მარტო, ამიტომ ამ მეთოდს ჩვენ გამოვიყენებთ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა მედიკამენტი არ მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ გადავარჩენთ რამდენიმე პაციენტს,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.