1993 წლის 10 თებერვალს მან დარეკა და ცოლს უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და საავადმყოფოში მიდიოდა. მას მერე ლინდა ჰოგლანდს თავისი ქმარი რიჩარდი არ უნახავს - ქმარი გაქრა, ისე, რომ სახლში დატოვა ყველა ნივთი, პასპორტის ჩათვლით. მისი მანქანა პოლიციამ აეროპორტში იპოვა, თუმცა მგზავრი სახელად რიჩარდ ჰოგლანდი არც ერთ ავიაკომპანასთან არ ფიქსირდებოდა. ბოლო ცნობა, რაც მისგან ოჯახმა მიიღო, ერთ-ერთი ვაჟის დაბადების დღეზე მოწერილი ღია ბარათი გახლდათ: "იზრუნეთ დედაზე".
"მომხდარმა გაგვანადგურა. არაფერი დაგვიტოვა, სრულიად. გავტყდი მორალურადაც და ფიზიკურადაც", - იხსენებს ლინდა.
მაშინ მათი ვაჟები 6 და 9 წლისები იყვნენ. მან მარტომ ვერ შეძლო სახლის და მანქანის გადასახადის გადახდა. გაყიდა და ამით ირჩენდა ოჯახი თავს. 10 წლის შემდეგ რიჩარდ ჰოგლანდი დაღუპულად გამოაცხადეს და ლინდა მეორედ გათხოვდა.
თითქოს ამ უცნაურ ამბავს აქ უნდა დასმოდა წერტილი. მაგრამ წელს გამქრალი კაცი მოულოდნელად გამოჩნდა... სხვა სახელით და გვარით.
მთელი ეს დრო რიჩარდი ფლორიდაში ცხოვრობდა ვინმე ტერი სიმანსკის სახელით (რომელიც 1991 წელს მოუკლავთ). დქორწინდა ვინმე მერიზე და ეყოლა შვილები. ყველაფერი კი მაშინ გაირკვა, როცა ნამდვილი ტერი სიმანსკის ძმიშვილმა ოჯახური ხის შესწავლა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ მისი გარდაცვლილი ბიძა თურმე დაქორწინდა გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში და მფრინავის ლიცენზიაც კი მიიღო.
ჰოლანდი დაიჭირეს, სხვისი პერსონალური მონაცემების თაღლითურად მითვისების გამო. პოლიციის ცნობით, ის 23 წლის წინ გაიქცა ფლორიდაში, სადაც გაიცნო ტერის მამა. მოიპარა მისი ვაჟის სიკვდილის ცნობა და გამოიყენა, რომ მიეღო დაბადების მოწმობა, მართვის მოწმობა და სხვა საბუთები.
სიმანსკის ახალი ოჯახის რეაქცია ამ ტყუილზე, ადვილი მისახვედრია. 20-წლიანი ქორწინება მერისთან დაირღვა, მათი ვაჟი კი შოკშია - მას მამა ისევ ჰყავს, მაგრამ გვარი არ აქვს და თურმე სულ სხვა გვარისაა და სადღაც ძმებიც ჰყოლია.
რიჩარდი ბრალს არ აღიარებს. ყოფილმა ცოლმა ლინდამ უკვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ 23 წლის წინ ის იმიტომ გაიქცა, რომ შეფის ფული გაფლანგა და პოლიციის დევნის შეეშინდა. თავად მამაკაცი კი ამბობს, რომ ლინდა მასთან განქორწინებას აპირებდა, მას კი არ უნდოდა და განქორწინებას გაქცევა არჩია.