მაია დობორჯგინიძისა და გოგა ბარბაქაძის წყვილი, გარდა იმისა, რომ ცნობილი მსახიობები არიან, მოყვარული მებაღეებიც არიან, რაზეც ადრე ვწერდით კიდეც. მათ წელიწადის სხვადასხვა დროს საგურამოს მახლობლად, კოტორაანთკარში, აგარაკზე სამეურნეო საქმეების კეთება დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. ამ გაზაფხულზე, პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის გამო, იქ წასვლა ვერ შეძლეს.
ამიტომ, როგორც ამბობენ, სხვა წლებისგან განსხვავებით, საკუთარი ხელით დარგულ-დათესილი ბოსტნეულისა თუ ბაღჩეულის მოსავალი არ ექნებათ. იმაზეც წუხან, რომ საგანგებო მდგომარეობამ ყველა სამსახური, სადაც კი საქმიანობდნენ, შეუჩერა და, პრაქტიკულად, სახლში გამოკეტა.
"ჩვენი სფერო - თეატრი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და როგორც ვატყობ, კიდევ დიდხანს გასტანს ეს მდგომარეობა. გაჩერებულები ვართ და სახლში გამოკეტილები, რადგანაც სხვა გზა არ გვაქვს. ყველა სამსახური დაგვეხურა. ბავშვთა სტუდიაში „თეა-ტრი,“ პატარებთან პრემიერა უნდა გვქონოდა და იმ პერიოდში კარანტინი გამოცხადდა.
გვეგონა, ცოტა ხანში განვაახლებდით საქმეს, მაგრამ ასე არ მოხდა. სტუდიაში ერთად რამდენიმე მსახიობი ვმუშაობთ - თამუნა ნიკოლაძე, მაია ხორნაული, გოგა ბარბაქაძე, სხვებიც არიან, აქტიური, დატვირთული ცხოვრება გვქონდა და ამის ასე მოულოდნელად შეწყეტა და გაჩერება, ძალიან გაგვიჭირდა. ამ ყველაფერთან შეგუება რთულია, მაგრამ კანონს ვემორჩილებით და ვართ სახლში“ - გვეუბნება მაია დობორჯგინიძე, რომელსაც მაყურებლების უმრავლესობა როგორც მსახიობს, ისე იცნობს, თუმცა ბოლო წლებია, მან მსახიობობაზე უარი თქვა და რეჟისორობა გადაწყვიტა.
მის ანგარიშზე „თავისუფალ თეატრში“ უკვე რამდენიმე საკმაოდ კარგი სპექტაკლიცაა რეპერტუარში. ახლა ყველაზე უფრო იმაზე დარდობს, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში, სადოქტორო ნამუშევარზე საქმიანობა შეუჩერდა - „ბერნარდა ალბას სახლს“ მესამეკურსელებთან დამოუკიდებლად დგამდა.
„რეჟისორ თემურ ჩხეიძესთან ასისტენტი ვარ, მყავს მესამე კურსი, ვაკეთებდი სპექტაკლს, ლილი ხურითი თამაშობდა ბერნარდა ალბას როლს, დანარჩენი, ახალბედა მსახიობები, ნიჭიერი სტუდენტები მონაწილეობენ. სამი რეპეტიციის შემდეგ, პანდემიის გამო, მუშაობა შევწყვიტეთ... ვიმეორებ, თეატრალური ცხოვრება გაჩერდა! ეს ჩვენთვის ფსიქოლოგიურად რთული დასაძლევია, რადგანაც სერიოზული სტრესია. სწორედ ამიტომ მე და ჩემს ქმარს, პირველი კვირა ძალიან გავიჭირდა, მესამე კვირას ნელ-ნელა შევეგუეთ, პროტესტი აღარ გვქონია, შინაგანად აღარ ვიბრძოდით, რადგანაც მივხვდით, სხვა გზა არ გვქონდა...
ახლა სხვა ეტაპი დაგვეწყო, - აღარ შეგვიძლია, ბოლო-ბოლო ჰაერზე გვინდა თავისუფლად გასვლა, გასეირნება... მოკლედ, ეს წნეხი სერიოზულად მოქმედებს იმასთან ერთად, რომ პერსპექტივა არ აქვს არც ერთი თეატრის გახსნას, ვითომ „თეატრალურში“ სტუდენტებთან ივნისში უნდა აღდგეს პრაქტიკული სამუშაოები, ვნახოთ... მანამდე სტუდენტებთან ონლაინლექციებს კი ვატარებთ“, - ამბობს მაია დობორჯგინიძე.
გოგა ბარბაქაძე:
- რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის, „თამაშის დასასრულის“ პრემიერა გვქონდა, მხოლოდ სამჯერ ვითამაშეთ და თეატრებმა მუშაობა შეწყვიტა. არადა, სპექტაკლს კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დასანანია, რომ ამდენმა შრომამ ჯერჯერობით რაღაცნაირად ასე ჩაიარა. ბატონ რობერტთან სპექტაკლზე მოხვედრაც გამართლებაა, მაგრამ ამ ეტაპზე ასე უსაქმოდ დავრჩით. ამ პანდემიის პირობებში ყველა რეკომენდაციას ვასრულებ, რთულია, მაგრამ ვექვემდებარები ყველაფერს. აბა, სხვანაირად როგორ იქნება?! ამით ჩემს თავსაც ვიცავ და სხვასაც. ასე უნდა იყოს ყველა... იხილეთ სტატია სრულად