ყველაზე პატარა შეფმზარეული საქართველოში, საკუთარი რეცეპტებით და ბევრი თაყვანისმცემლით
პატარა შეფი გიორგი ჯიქია (ჯორჯო) 11 წლისაა და დედასთან, მამასთან და 1 წლის დასთან ერთად ცხოვრობს. სწავლობს სკოლაში და ყოველდღიური დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებს, დრო კულინარიასაც დაუთმოს. უყვარს ხატვა და ფილმების ყურება. როდის დაინტერესდა გიორგი კულინარიით და რას აპირებს სამომავლოდ, დედა, მაკა ჯულუხიძე, გვესაუბრება:

mshoblebi

- ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა კულინარიით და მისი პირველი კერძი ხაჭაპური იყო. საქმიანობა მოეწონა და კულინარიული ვიდეოების ყურება დაიწყო."მასტერშეფის" და"გურმანიის" აქტიური მაყურებელია. გადაცემების ყურების შემდეგ, გურამ ბაღდოშვილი და ლუკა ნაჭყებია გახდნენ მისი კერპები. გიორგის
საყვარელი უცხოელი შეფი შეფ რემზია და ცდილობს და სურვილი აქვს, მასავით წარმატებული და ცნობილი შეფი გახდეს. ჩვენც, მშობლები, გემრიელ კერძებს ვამზადებთ და გვიყვარს ეს სფერო, ალბათ ამანაც იქონია გავლენა.

- ბევრ ბავშვს არ ანდობენ მსგავს საქმეებს და უშლიან კიდეც ხელს, რომ დამოუკიდებლად მოამზადონ საკვები, გამოიყენონ დანა, ტაფა, იმუშაონ გაზთან...

- როგორც კი ინტერესი გაუჩნდა გიორგის კულინარიის მიმართ, იმ დღიდან მშობლებისგან მხოლოდ ხელშეწყობა აქვს. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად აკეთებს კერძებს და მეტიც, სურპრიზად, დილაობით ხშირად გვხვდება გამზადებული საუზმე. რაც შეეხება სამზარეულოს ინვენტარის გამოყენებას, ესეც თავად ისწავლა, აკვირდება შეფებს Youtube-ის ვიდეოებში და ცდილობს ანალოგიურად გაიმეოროს.

mshoblebi

- კულინარია
მისთვის ჰობია თუ ახლა ამ მიმართულებით სწავლობს სადმე? მომავალში რა გეგმები აქვს ამასთან დაკავშირებით?

- თავდაპირველად, როგორც ჰობს ისე აღვიქვამდით, თუმცა მისი ინტერესი დღითი დღე ღრმავდებოდა, აქტიურად სწავლობს ტრადიციული და ევროპული კერძების მომზადებას. სამომავლოდ რთულია თქმა, რა მიმართულებას გაჰყვება, თუმცა ამ ეტაპზე დიდი სურვილი აქვს, ცნობილი და წარმატებული შეფი გახდეს.

- სასკოლო საქმიანობასა და კულინარიას როგორ ათავსებს ერთმანეთთან?

- გიორგი კერძო სკოლაში სწავლობს, სადაც დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა იმდენად უყვარს კულინარია, მაქსიმალურად ცდილობს ერთმანეთს შეუთავსოს. მხოლოდ გაკვეთილების მომზადების შემდეგ ერთვება სამზარეულოს ამბებში, ასევე -  შაბათ-კვირას დადის "აგრო ჰაბის" სამზარეულოში და იქ იღებს დიდ გამოცდილებას.

mshoblebi

- ძირითადად, რის მომზადება უყვარს?

- სხვადასხვა კერძს ამზადებს, როგორიც არის ხაჭაპური, ხინკალი, მოამზადა ელარჯი რომელსაც პესტოს სოუსი გაურია და ძალიან გემრიელი გამოვიდა.

- თავად იგონებს რეცეპტებს თუ სადმე ნახულობს?

- არის კერძები, სადაც იმპროვიზაციასაც მიმართავს და არის კერძები, რომელსაც რეცეპტის მიხედვით აკეთებს.

- რომელია მისვის გამორჩეული კერძი ?

- საყვარელი კერძი მაინც ბურგერია, რომელსაც სახელიც კი შეურჩია და შეფ ჯორჯოს მონსტრი ბურგერი დაარქვა. სწორედ ამ ბურგერით გახდა ცნობილი და პირველად მიწვეული იყო "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაშიც.

თამარ იაკობაშვილი

1489
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი