იზოლაციაში მყოფი მარტოხელა დედა, რომელიც ქალიშვილთან ერთად საოცარ ნამუშევრებს ქმნის
იზოლაციაში მყოფი მარტოხელა დედა, რომელიც ქალიშვილთან ერთად საოცარ ნამუშევრებს ქმნის
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა, რის გამოც უამრავ ადამიანს მოუწია ცხოვრების სხვა რეჟიმზე გადასვლა. ჩვენი რესპონდენტი 29 წლის გვანცა (ჯუდი) კორძახია, ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც ქვეყანაში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავლის მთავარი წყარო - სამსახური დაკარგა და ახლა საკუთარი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვის იმედად არის დარჩენილი. მარტოხელა დედისა და მისი 6 წლის გოგონასთვის თმის სარჭების თუ სხვა აქსესუარების დამზადება იზოლაციის პირობებში, კიდევ უფრო საინტერესო, მნიშვნელოვანი და აუცილებელი გახდა.

- პიარისა და კომუნიკაციების მენეჯერი ვარ, ჩემი სამსახურები ძირითადად ტურიზმზე იყო დამოკიდებული, მსოფლიო პანდემიის

გამო კი, მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი - ტურიზმი საერთოდ გაჩერდა და სამწუხაროდ, ისიც არ ვიცით, ბოლომდე როდის აღდგება მუშაობა. ეს პერიოდი საკმაოდ რთულია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხარჯები შემცირდა (იქნება ეს ტრანსპორტირებიდან თუ შოპინგიდან დანაზოგი), საყოველთაო სიძვირის პირობებში ძალიან რთულია არსებობა მით უმეტეს მაშინ, როცა პასუხისმგებლობა მცირეწლოვანი შვილის წინაშე გაქვს. ჩვენ საკუთარი ბინა არ გვაქვს, თუმცა, სადაც ვცხოვრობთ, ის ადგილი მინი-სახელოსნოდაა ქცეული - ხელნაკეთი ნივთების დამზადებით ვცდილობთ მდგომარეობის ოდნავ შემსუბუქებას.

mshoblebi

-  როდის და როგორ გაჩნდა ხელნაკეთი ნივთების დამზადების იდეა?

- 6 წლის წინ, როცა შვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის მყავდა, გამიჩნდა იდეა, რომ დამემზადებინა სიზმრისმჭერები,
რომელიც ლეგენდის მიხედვით, ბავშვებისათვის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს, პირველი ნაკეთობა მეგობარს გავუზიარე და ასე გაჩნდა ჩვენი ბრენდი.  თანდათან დაინტერესდნენ ადამიანები და დავიწყე საცალო გაყიდვები.

- რამდენი წლის არის თქვენი ქალიშვილი?

- ანნა 6 წლისაა და სექტემბერში მიდის პირველ კლასში.
mshoblebi

- საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ ნივთების დამზადება შეძლოს, რით გეხმარებათ?

- ყოველთვის უყურებდა სამუშაო მასალებს, პირდაპირი მნიშვნელობით, თავით ფეხებამდე იყო ჩართული თითოეული ნივთის მზადებაში. დაახლოებით 3 წლიდან უკვე მარტივ დავალებებსაც ასრულებდა, როგორიცაა მასალების საჭირო ზომაზე მოჭრა (ჩემი მეთალყურეობით, რასაკვირველია), ერთნაირი ფერის მძივების თუ ბუმბულების დალაგება და ა.შ. რამდენიმე კვირის წინ პირველი დამოუკიდებელი "დრიმქეჩერიც" კი გააკეთა და თავისივე სურვილით ჩვენს გვერდზე დამადებინა ვიდეომიმართვა ბავშვებისათვის, სადაც დაწვრილებით უხსნის მზადების პროცესს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოსწონს როგორც ახალი ნივთის შექმნის პროცესი, ასევე მისი სხვებისთვის გაზიარება და შემდეგ მოწონებების დამსახურებაც.
mshoblebi

- ძალიან ბევრ ოჯახს შეუმცირდა შემოსავალი, ზოგმა საერთოდ დაკარგა სამსახური, ალბათ ამან თქვენი ნაკეთობების გაყიდვაზეც იმოქმედა...

- ფინანსურად მარტო ვუმკლავდები ყველაფერს, ყოფილა შემთხვევები, როცა ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა. პანდემიის დროს რასაკვირველია, ბევრად უფრო რთულადაა საქმე როგორც შეკვეთების მხრივ, ასევე მასალების მოძიების კუთხითაც, თუმცა, ადრე ყოველთვის ზედმეტად ვყიდულობდი საჭირო მასალებს და ახლა მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული რაოდენობის მარაგი მაქვს.

- შვილი რომ ასე გულმოდგინეთ გეხმარებათ, გაყიდული ნივთებიდან შემოსული ფულით ხომ არ აქვს სურვილი რამის შეძენის, ხომ არ გეუბნებათ, რომ სანაცვლოდ რამე უნდა იყიდოს?

- რაღაც დანაზოგი აქვს თვითონაც, ქაღალდის ფულს, ხურდებს აგროვებს, დღეგამოშვებით გამოდის და მაძლევს ხოლმე. მეუბნება, რაღაც დაგჭირდება და იყიდე, ეს არის ძალიან მტკივნეულიც და ამავე დროს საამაყოც, რადგან თავის მცირე დანაზოგს მაძლევს მე. არასდროს არ მკითხავს, აი, მე რომ ნივთი გავაკეთე და ის გავყიდეთ, ფული სად წავიდა. მას ის უხარია, რომ შექმნის პროცესშია ჩართული და ასე კომერციულად არ უყურებს ამ ამბავს.
mshoblebi

- რადგან ხელნაკეთი ნივთები დამზადებით ხართ დაკავებული შვილთან ერთად, რა რჩევებს მისცემთ მშობლებს, რა შეიძლება გააკეთონ მათ შვილებთან ერთად სახლში?


- ძალიან რთულია ბავშვების სახლში გამოკეტვა, მით უმეტეს, თუ არ გვაქვს ეზო. მე აივანიც არ მაქვს, ასე რომ, მთელი დღე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ძალიან ვიღლები. ბავშვი, რომელიც თამაშობდა და სწავლობდა ბაღში, თანატოლებთან, დადიოდა სხვადასხვა აქტივობაზე და იყო განებივრებული თუნდაც ადგილობრივ სკვერში სეირნობით, ახლა სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ხშირად ძალიან რთულია დავაინტერესო რაიმეთი და მალე ბეზრდება როგორც ასაკის შესაბამისი გართობა, ასევე სწავლა, მულტფილმის ყურება და ჩემი დახმარებაც კი. კარგი ისაა, რომ მე და ანნას საერთო ინტერესები გვაქვს. ვცდილობ არ ვიყო დედა, მე უფრო უფროსი მეგობრის ფუნქცია მომწონს. შეკვეთების გაკეთებისას გამუდმებით ვეკითხები აზრს, უხდება თუ არა ფერები ერთმანეთს, რომელი მუსიკის მოსმენისას გავაკეთოთ ნივთი, როგორი იყოს იმ დღის მენიუ და ა.შ.
მე მგონია, რომ მთავარი მშობლებმა გამოვნახოთ საერთო ინტერესი ჩვენს შვილებთან, ჩემს შემთხვევაში ეს ხელოვნება და მუსიკაა. ასევე კარგია, მივცეთ ბავშვს უფლება, იყოს შემოქმედებითი და შევუწყოთ ამაში ხელი.
ცხოვრების არეული სტილიდან გამომდნარე გართულდა ანნას დაძინებაც. ამასთან საბროლველად შევადგინეთ ფლეილისტი, რომელსაც უკვე საწოლში ვუსმენთ, შემდეგ კი ვიგონებ რაიმე სიზმარს, რომელსაც ანნას თავში ვაგზავნი და იმის შიშით, რომ პატარა გნომები ან ფერიები არ გაიქცნენ, ანნა თავის სიზმრის მჭერისკენ ბრუნდება და ძალიან მალე იძინებს.
mshoblebi
რუსკა კილასონია

949
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი