დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოციალური დისტანცირების დაცვა საჭირო იქნება არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომაზეც. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
"სოციალური დისტანცირება, როცა ვამბობთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად, ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება. ეს არ იქნება მხოლოდ ზაფხულში. დამერწმუნეთ, ეს აუცილებლად იქნება შემოდგომაზეც. მაგალითად "ესპანკა“ გაგრძელდა 2 წელიწადი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ვაქცინას, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინის გამოცდას დიდი ხანი დასჭირდება,
"ვაქცინა კოვიდის გაშიფვრიდან დაახლოებით 3-4 კვირაში ჰქონდათ ლაბორატორიებს. ბევრს ჰქონდა, მაგრამ ამ ვაქცინის გამოცდას სჭირდება დიდი ხანი. ჯერ პატარა ცხოველებზე, მერე დიდ ცხოველებზე, შემდეგ ადამიანებზე, მთელი ფაზებია მისი, რომ უსაფრთხო იყოს იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანი უნდა აცრან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მერე კიდევ არ იცი, ეს ვაქცინა მოგცემს თუ არა მუდმივ იმუნიტეტს, როგორც მაგალითად, როცა წითელას ვაქცინას იკეთებ, ორჯერ გაიკეთებ და მთელი სიცოცხლე დაცული ხარ, თუ ეს ვაქცინაც იქნება გრიპივით, რომელიც ყოველ შემოდგომაზე უნდა გაიკეთო. ჯერ ამაზეც ბევრი მსჯელობა მიდის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს COVID19-ის და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდა.
"ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა კოვიდის და გრიპის ვირუსის. ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე. კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა გრიპის საწინააღმდეგო აცრების. ჩვენ დავიწყეთ 5 000 -10 000 ადამიანიდან და შარშან 100 000 ადამიანი ავცერით, კერძო სექტორმა კიდევ დაახლოებით 35 000. წელს დაახლოებით 140 000 დოზა გვაქვს ნაყიდი და კიდევ 100 000 გვინდა დავამატოთ, რომ მეტი რისკ ჯგუფები მოვიცვათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
"შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, ასეთია ყოველდღიური მონაცემები. ამის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი გახლავთ ის, რომ გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ტესტირება სერიოზულად გაფართოებულია, გაოთხმაგებულია PCR ტესტების მაჩვენებელი ქვეყანაში. ანუ, უფრო მეტი ადამიანია გამოკვლეული და ნაკლები ინფიცირებული ვლინდება“, - აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, ძნელია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ვირუსის პრობლემა დაძლეულია და საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ამ პრობლემასთან თანაცხოვრებას, ამავდროულად, ქვეყანაც უნდა მოემზადოს.
"ამის თქმა რთულია. განვითარების გარკვეული ისტორია ყველა ქვეყანამ გაიარა და თითქმის ბევრის მაჩვენებელი ემთხევევა, რომ შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირა ხდება ხოლმე კრიზისული კვირები. ჩვენ ახლა მეშვიდე კვირის ბოლოს ვართ. შედარებით ნაკლები დაზიანებით შევედით ე.წ. კრიზისულ პერიოდში, მაგრამ რადგან ეს ინფექცია ნაკლებად ცნობილია, არ ვიცით მეორე, მესამე ტალღა როგორ შეიძლება განვითარდეს, ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ აი, შემთხვევების კლება გვაქვს და ვირუსს უკვე მოვერიეთ, თან გარკვეული შემსუბუქებები არის. ზოგადად, ეს თეზა უკვე მთელ მსოფლიოში მკვიდრდება. კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ, ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც. ჩვენ თანდათან უნდა მივეჩვიოთ ამ პრობლემასთან ერთად თანაცხოვრებას და ქვეყანაც მოემზადოს“,-განაცხადა გამყრელიძემ.