სოფელი მეისცე-ოჟდანსკოე პოლონეთისა და ჩეხეთის საზღვარზეა. იქ მხოლოდ 300 ადამიანი ცხოვრობს. არაფრით გამორჩეული სოფელია თითქოს, მაგრამ სახელი მაინც გაითქვა - აქ 12 წლის განმავლობაში, გამონაკლისის გარეშე, მხოლოდ გოგონები იბადებოდნენ.
სოფლის უხუცესის რაიმუნდ ფრიშკოს თქმით, ეს ანომალია ძველი დროიდან მოდის. მან გამოიკვლია უხუცესების მონათხრობი, ძველი ჩანაწერები და აღმოაჩინა, რომ ამ სოფლის მცხოვრებნი ძველ დროშიც სხვა სოფლებსა და ქალაქებში მიემართებოდნენ ქმრების საძიებლად. ხოლო თუ მათი ქმრები სოფელში გამოჰყვებოდნენ და იქ სახლდებოდნენ, შანსი, რომ ვაჟი დაბადებულიყო, ფაქტობრივად ნულს უტოლდებოდა.
ფენომენით მეცნიერები დაინტერესდნენ. ვარშავის გენეტიკის უნივერსიტეტის პროფესორმა რაფაელ პლოსკიმ კოლეგებთან ერთად შეისწავლა ადგილობრივი გარემო, ასევე მცხოვრებთა გენიალოგია. კვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მეცნიერს ორი ვარაუდი აქვს, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს ამ ფენომენზე - ის, რომ სოფლის მცხოვრებნი ერთმანეთის შორეული ნათესავები არიან, ან ვაჟების დაბადებაზე რაღაც გარეგანი ფაქტორები ახდენს გავლენას.
სანამ მეცნიერები ვარაუდობენ, უხუცესმა ჯილდოც კი დააწესა იმ ოჯახისთვის, სადაც პირველი ვაჟი გაჩნდებოდა და ასეც მოხდა - 12 წლის განმავლობაში პირველი ბიჭი დაიბადა.
გჟეგოჟა და ანა მილეკებს ნანატრი ბიჭი გაუჩნდათ, რომელსაც ბარტეკი დაარქვეს. მშობლებისთვის ის მეორე შვილი - პირველი, რა თქმა უნდა, გოგონა ჰყავთ.
ანას სამაოდ რთული ორსულობა ჰქონდა, ფაქტობრივად, ძლივს მიაღწია მშობიარობამდე და მშობიარობაც გართულდა. თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
მას მერე, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო რეჟიმი მოიხსნება, სოფელში დიდ ზეიმს გეგმავენ ამ ფაქტის აღსანიშნავად.