''ჯარისკაცის მამა'' - რეალური ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო აატირა
''ჯარისკაცის მამა'' - რეალური ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო აატირა
''ჯარისკაცის მამა'' 1964 წელს უკვე გადაღებულია. ამ დროისთვის 36 წლის რეზო ჩხეიძეს, თენგიზ აბულაძესთან ერთად, შექმნილი აქვს ორი საერთო დოკუმენტური ფილმი და მხატვრული სურათი ''მაგდანას ლურჯა'', შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობს ფილმებზე: ''ჩვენი ეზო'', ''მაია წყნეთელი'', ''განძი'', ''ზღვის ბილიკი''. ამ უკანასკნელი ფილმის გადაღებებზე კინოსტუდიაში მყოფ რეჟისორთან სულიკო ჟღენტს მიაქვს სცენარი და სთხოვს, იმ დღესვე წაიკითხოს, როგორც კი დროს გამონახავს...

რეზო ჩხეიძეს დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია. მამა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ქუთაისში სამი შვილით
დარჩენილი დედა მალე სახლიდანაც გამოასახლეს. თბილისში ნათესავმა შეიფარა და ორი ოთახიდან ერთი ჩხეიძეებს დაუთმო. მამის ბიბლიოთეკის გაყიდვა მოუხდა, რომ ოცნება აესრულებინა და ''ვგიკის'' სტუდენტი გამხდარიყო. სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისას არც შიმშილი იყო უცხო.

ერთხელად, როცა მას და მის მეგობრე-ბს მეორე დღე იყო, არაფერი ეჭამათ, მათ ოთახში შესულმა მეზობელმა იდეა მიაწოდა, გაზაფხული დადგა, პალტოები ჩავაბაროთ და საჭმელი ვიყიდოთო. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის ნიშნები არსად ჩანდა, ხუთი სტუდენტი მაინც წავიდა ლომბარდში პალტოების ჩასაბარებლად. რიგში მდგომი მოხუცები ეხვეწებოდნენ – ეს არ გააკეთოთ, ზამთარი ჯერ კიდევ წინააო, მაგრამ უკან როგორ დაიხევდნენ?! ლომბარდიდან გამოვიდნენ და თოვლიც წამოვიდა. პალტოები აღარ ჰქონდათ, სამაგიეროდ, ხელთ ფული ეკავათ და როგორც
ნამდვილი ქართველები, რესტორანში წავიდნენ.

სულიკო ჟღენტს მოსკოვიდან იცნობდა, როცა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდნენ. სტუდენტები რომ იკრიბებოდნენ და ორიოდ კაპიკი ჩაუვარდებოდათ ხელში, ჩარლი ჩაპლინის სადღეგრძელოს ყოველთვის პირველს და ფეხზე ადგომით სვამდნენ...

იმ დღეს, როცა სულიკო ჟღენტმა თავისი ახალი სცენარი რეზო ჩხეიძეს დაუტოვა, თავად ბათუმში გაემგზავრა. კინოსტუდიიდან გამოსული რეჟისორი ტრამვაიში ჩაჯდა და მეგობრის დატოვებული ფურცლები გადაათვალიერა. სულ ხუთი-ექვსი ფურცელი იყო, სათაურით ''ჯარისკაცის მამა''. ''პატარა სცენარი იყო, მაგრამ ამ ხუთ ფურცელში აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებად ეწერა. ხასიათი, იდეა, გარემო – ყველაფერი იგრძნობოდა. წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს იყო ბრწყინვალე მასალა. იმ საღამოსვე ბათუმში დავრეკე და სულიკო შევაქე. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, ამ სცენარზე ფილმი შემექმნა...'' – იგონებდა მოგვიანებით რეჟისორი.

რეზო ჩხეიძე ''ზღვის ბილიკში'' მთავარ როლში სერგო ზაქარიაძეს იღებდა. ერთ დილას მსახიობს გრიმს უკეთებდნენ, როცა მას თავზე რეზო ჩხეიძე წამოადგა. როგორც ჩანს, გრიმს ისე არ უკეთებდნენ, როგორც თავად თვლიდა საჭიროდ, რადგან გრიმიორ ქალს შენიშვნებს აძლევდა და რეზო ჩხეიძეს ყურადღებას არ აქცევდა. ის კი ცდილობდა, მსახიობს გამოლაპარაკებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს პირდაპირ სულიკო ჟღენტის სცენარის თხრობა დაიწყო და ცოტა ხანში მიხვდა, რომ ნელ-ნელა სერგოს ყურადღებას იპყრობდა. თხრობა რომ დაასრულა, მსახიობმა აღტაცებით თქვა: ''ბიჭო, რა კარგი რამეა!'' და ატირდა. რეჟისორიც აჰყვა... იქვე გადაწყდა, უახლოეს მომავალში ფილმი უნდა გადაეღოთ.
სცენარზე მუშაობას ნახევარი წელი დასჭირდა. კინოსტუდიაში ითხოვდნენ, მთავარ როლზე სპარტაკ ბაღაშვილი დაეკავებინა, თუმცა თავად რეჟისორი მოხუცი გიორგი მახარაშვილის როლზე სერგო ზაქარიაძეს ხედავდა და სურდა, სწორედ მისთვის მიენდო ამ სახის შექმნა.
ფილმისთვის ბრძოლა არ იყო მარტივი. როგორც წესი, იმხანად აქ თუ მოსკოვში ხან სცენარს ებრძოდნენ, ხან რომელიმე მსახიობი არ მოსწონდათ და ხანაც რეჟისორებს იწუნებდნენ. არც ''ჯარისკაცის მამა'' აღმოჩნდა გამონაკლისი.

''ჯარისკაცის მამა'' საბჭოთა გმირებისგან გამორჩეული იყო – შვილს დაეძებდა და ''ზა როდინუს'' არ ყვიროდა. კინოსტუდიაში სწორედ ამას ვერ მიხვდნენ, ჟანრი ვერ გაიგეს. როდესაც, წესისამებრ, სცენარი მოსკოვში გაიგზავნა, მის შინაარსს მალევე ჩასწვდნენ და თქვეს, რომ ამ ფილმს დიდი წარმატება ექნებოდა. ერთი სიტყვით, დიდი ომები გამოვიარე იმისთვის, რომ ფილმი გადამეღო და მასში ბატონ სერგოს ეთამაშა. სხვათა შორის, დადებითი როლი ითამაშა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც მაშინ მცხეთის რაიონული კომიტეტის მდივანი იყო.

ერთ-ერთ კრებაზე ჩემი ფილმის გადაღება-არგადაღების საკითხი წამოიჭრა. ერთი ადამიანი გამოვიდა, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ და თქვა, მოსკოვის კულტურის სამინისტროში სცენარი არ მოეწონათ, მაგრამ, რადგან რეზო ჩხეიძეს ასე ძალიან უნდა, უარის თქმა გვერიდებაო. მაშინვე გავედი და მოსკოვში დავრეკე. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი საერთოდ არ მისულა სამინისტროში და კრებაზე ტყუილი თქვა. ნერვები ძალიან მომეშალა და იმ ადამიანს სილა გავაწანი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მოხდა. არც სკოლაში, არც მოზრდილობაში, როგორი აღშფოთებულიც უნდა ვყოფილიყავი, ხელით არავის შევხებივარ'', - გულწრფელად აღიარა რეჟისორმა.

ყველაფერი რომ დალაგდა, ფილმის გადაღებას რამდენიმე თვე დასჭირდა. სერგო ზაქარიაძის, ქეთევან ბოჭორიშვილისა და რამდენიმე ქართველი მსახიობის გარდა, ''ჯარისკაცის მამაში'' ბევრი რუსი მსახიობი მონაწილეობს. შვილი, რომელზეც მთელი სცენარია აწყობილი, ფილმის ბოლოს ჩანს და მხოლოდ ორიოდ სიტყვას ამბობს. ამ როლისთვის სპეციალურად ეძებდნენ ქართული იერის შავგვრემან ახალგაზრდას. როლი ერგო გიორგი კობახიძეს, რომელიც სულ რამდენიმე წუთით ჩანს.

დასრულებული ფილმი მოსკოვში 31 დეკემბერს ჩაიტანეს. ფილმის წარმოდგენის შემდეგ შემოქმედებით ჯგუფს ახალი წლის შეხვედრა იქაურ რესტორან ''არაგვში'' ჰქონდა დაგეგმილი. იმ დღეს რედკოლეგია, რომელიც სურათს იბარებდა, არ მუშაობდა და ''ჯარისკაცის მამა'' მაშინდელმა კულტურის მინისტრმა მეუღლესთან ერთად ნახა. ბოლოს კი გამოაცხადა: ''ამხანაგო ჩხეიძე, ამ ფილმს საბჭოთა ხალხი არ ნახავს!'' და იქვე ახსნა მიზეზიც: ''...თქვენი გმირი, მახარაშვილი, საბჭოთა ოფიცერს ხელს არტყამს. ეს არის წითელი არმიის წესდების დარღვევა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, კინემატოგრაფიის საშუალებით ამას აგიტაცია გავუწიოთ. ასე რომ, ამ ფილმს არ მივცემთ რეკომენდაციას, რომ ფართო მასებმა ნახონ!''

ასეთი შეფასების შემდეგ ნირწამხდარი ხელოვანები რესტორნის მაგიერ სასტუმროში დაბრუნდნენ, აღარავის ჰქონდა საზეიმო განწყობა. რამდენიმე დღის შემდეგ ფილმი ვინ აღარ ნახა, გენერლებმა, პოლკოვნიკებმა, მათ შორის იყო ლეონიდ ბრეჟნევიც, თუმცა, ამ და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით, ''ჯარიკაცის მამა'' არავის დაუწუნებია და საკავშირო კინოეკრანებზე მისი პრემიერის დღეც დაინიშნა...

დაბოლოს, შეიძლება, ბევრმა არ იცის მთავარი, რომ ''ჯარისკაცის მამის" სცენარის ერთ-ერთი მოტივი ბიოგრაფიულია. სულიკო ჟღენტი 18 წლის იყო, როცა ოჯახს არაფერი გაუმხილა და მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა. მტერთან მორიგი შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მოათავსეს. მამამისმა შვილის მოძებნა გადაწყვიტა და სანამ იპოვიდა, მძიმე და რთული გზა გაიარა.

წლების განმავლობაში ფილმს არც აქტუალობა დაუკარგავს და არც მხატვრული ზემოქმედების ძალა, არც ტრაგიკულ სიუჟეტს დაუტოვებია ვინმე გულგრილი. ''ჯარისკაცის მამამ'' სახელი ეკრანებზე გამოსვლისთანავე გაითქვა, ამ შავ-თეთრი ფილმის გაფერადება კი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა. ამ თემაზე დიდხანს ფიქრობდა რეჟისორი, ბოლოს უფლება დართო, ფილმში ფერები ''შეეტანათ''. რეჟისორთან უშუალო და ხშირი კონსულტაციის შედეგად, დღეს მაყურებელს საშუალება აქვს, ''ჯარისკაცის მამის'' უკვე ფერადი ვერსიაც იხილოს...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
23285
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
0
ფილმ "გიორგი სააკაძე" -საც არ აწყენდა ფერადი ვარიანტი.
21:20 / 10-05-2020
თინათინი
1
ბევრჯერ მაქვს ნაყურები ეს ფილმა და ყოველთვის ემოციებს ვერ ვიკავებ, გენიალურია, გრძნობ რა გადაიტანა ხალხმა, ეს არის ბრძენი ქართველის გლეხის ნამდვილი სახე. სცენარი დიდებულია, ზედმეტი არაფერია, ამ სურათით უკვდავია სერგო ზაქარიაძე
19:27 / 10-05-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი