ხუთშაბათს გადაცემა "პროფილი" ისევ დაკარგულების თემას მიეძღვნა. წამყვანმა უკუღმართი ადამიანების ქცევით დაკარგული დედა-შვილები შეახვედრა ერთმანეთს, ასევე სტუმრდ ჰყავდა ადამიანები, ვინც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდნენ.
როდესაც მშობლების ძებნისა და პოვნის თემა აქტუალური ხდება, ბევრს ახსენდება თამუნა მუსერიძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გაიგო, რომ ნაშვილებია და დღემდე უშედეგოდ ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს. ალბათ, რთული წარმოსადგენი არ იქნება, ის თუ რამდენად სენსიტიურად აღიქვამს მსგავს თემებს თამუნა. ამას მისი ფეისბუქ პოსტიც ადასტურებს.
"ძვირფასო მეგობრებო, ოდნავი წარმოდგენა მაინც რომ გქონდეთ, რას ნიშნავს "პროფილის" იმედით ყურება, ყველა "დაკარგულის" ისტორიის გულთან ახლოს მიტანა და იმის შეგრძნება, რომ შენ მარტო არ ხარ და არიან "შენნაირებიც", მერწმუნეთ, ისეთ ტექსტებს არ მომწერდით, როგორსაც მწერთ. ყველას და ყველაფერს დავიფიცებ, რომ როგორც კი ეს თემა მეათასე ფიქრად გადამაქვს, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით, თვითონ მახსენებს თავს. რამდენიმე დღის წინ სრულიად მოულოდნელად ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მცირე ინფორმაცია მომაწოდა. გუშინ პრაიმტაიმის ჟურნალისტმა დამირეკა და ამ თემაზე ჩაწერა ინტერვიუ, დღეს ოჯახის ახლობელმა ისევ ამ თემაზე მკითხა რაღაცეები. დამიჯერეთ, ეს თავისით ხდება, ჩემი ძალისხმევის გარეშე. ასე რომ, თუ დახმარება და ჩემი "დამშვიდება" გინდათ, რეალურად დამეხმარეთ და არა აგრესიანარევი-კეთილი მესიჯებით".
თეკლა ჟვანია